სოფო კილაძე - ოპონენტების მხრიდან საუბარი, რომ ხელისუფლება ებრძვის კრიტიკულ მედიას, არის სპეკულაცია და პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობა
სოფო კილაძე - ოპონენტების მხრიდან საუბარი, რომ ხელისუფლება ებრძვის კრიტიკულ მედიას, არის სპეკულაცია და პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობა

თუ რამე არის შესაძლებელი კანონის ფარგლებში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება გარკვეული მოლაპარაკებების მცდელობა, რომ ინკასო მოეხსნათ ტელეკომპანიებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

„ჩვენი ოპონენტების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება ებრძვის კრიტიკულ მედიას, ვფიქრობ, არის მათი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია და პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობა. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი თავისუფალ, დამოუკიდებელ მედიას. ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს ის მოპყრობა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს მედიასაშუალებების მიმართ“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, მედიამ უნდა გადაიხადოს შესაბამისი გადასახადები ბიუჯეტში.

„თუ რამე არის შესაძლებელი კანონის ფარგლებში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება ალბათ გარკვეული მოლაპარაკებების თუ რაღაც მცდელობა, რომ ეს ინკასო მოეხსნათ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. ჩემი სფერო არ არის ფინანსური, ამიტომ ამაზე დეტალურ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე მაქსიმალურად მხარს დავუჭერ, როგორც ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, რომ თუ რამე საშუალება არის კანონის ფარგლებში, მედიასაშუალებების მიმართ იყოს ეს ნაბიჯები გადადგმული“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედო.

ფინანსთა სამინისტრომ მედიასაშუალებები 23 დეკემბერს სპეციალური განცხადებით გააფრთხილა და ერთდღიანი ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.