სოფო კილაძე - „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი დანაყოფების თავდასხმებს მიჩვეული ვართ, მაგრამ გერმანიის ელჩთან ვერ გაუვათ ის, რაც გასდით ქართულ საზოგადოებასთან
სოფო კილაძე - „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი დანაყოფების თავდასხმებს მიჩვეული ვართ, მაგრამ გერმანიის ელჩთან ვერ გაუვათ ის, რაც გასდით ქართულ საზოგადოებასთან

„ქართული ოცნება“ და ქართული საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სხვადასხვა დანაყოფის მხრიდან თავდასხმებს მიჩვეული ვართ, მათ შორის, პიროვნულ თავდასხმებს, მაგრამ ის, რაც გასდით ქართულ საზოგადოებასთან, ვერ გაუვათ გერმანიის ელჩთან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განახვავებული აზრი ორგანულად მიუღებელია.

„როცა ხელისუფლებაში იყვნენ, განსხვავებული აზრის გამო დევნიდნენ, ხოცავდნენ ადამიანებს. როცა ოპოზიციაში არიან, რასაც ახერხებენ, ეს არის ვერბალური თავდასხმები და შეურაცხყოფის მიყენება. ეს სცადეს გერმანიის ელჩთან, მაგრამ, როგორც ვხედავთ, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა ერთად დადგა გერმანიის ელჩის დასაცავად. ამიტომ შემიძლია თამამად გითხრათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გერმანიის ელჩთან მიმართებით, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა“,- განაცხადა კილაძემ.

ევროკავშირმა საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს გმობენ.