სოფო კილაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებები პარლამენტის პროკურატურად გადაქცევას გვთავაზობენ
სოფო კილაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებები პარლამენტის პროკურატურად გადაქცევას გვთავაზობენ

რა ახალი სახელიც უნდა დაირქვან „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოებებმა, ძველებმა და ახლებმა, ვხედავთ, რომ ისინი  პარლამენტის პროკურატურად გადაქცევას გვთავაზობენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

კილაძე გამოეხმაურა ინიციატივას, რომ მეუფე იაკობის განცხადებებზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

სოფო კილაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებების ინტერესია, რომ საკუთარ პოლიტიკური მიზნებს მიაღწიონ.

„რა ახალი სახელიც უნდა დაირქვას „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოებებმა, ძველმა და ახლებმა, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ფაქტობრივად გვთავაზობენ საქართველოს პარლამენტის გადაქცევას პროკურატურად. ეს არის პირდაპირი წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან. გასაგებია მათი ინტერესი, რომ ყველანაირად ცდილობენ, არიონ ამ ქვეყანაში სიტუაცია, აღრიონ ერთმანეთში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს ფუნქციები, გამოიყენონ ყველაფერი თავისი პოლიტიკური მიზნებითვის, მაგრამ რეალურად პარლამენტს აქვს თავისი ფუნქცია და შესაბამის საგამოძიებო სტრუქტურებს აქვთ თავისი ფუნქცია. როდესაც ჩავთვალეთ მნივშნელოვნად და აუცილებლად, მართლა კითხვის ნიშნები სადაც იყო, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ შევქმენით საგამოძიებო კომისია. ყველა კვირაში ახალ საგამოძიებო კომისიას ვერ შევქმნით, რასაც გვთავაზობენ „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი და ახალი განშტოებები, რადგან ეს არის ფაქტობრივად არასერიოზული“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.

ამასთან, სოფო კილაძის განმარტებით, პარლამენტი ყველა უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას ვერ შექმნის.

„მაშინ პარლამენტის პარალიზება უნდა მოვახდინოთ და ვთქვათ, რომ საქართველოს პარლამენტი არის პროკურატურა და ასრულებს პროკურატურის ფუნქციებს. აბსურდია, რასაც ისინი გვთავაზობენ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კითხვაზე, მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით პროკურატურამ მაინც უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება, კილაძემ ასე უპასუხა: „ყველა აბსურდულ ბრალდებაზე რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს, მისი პარალიზება მოხდება“.