სოფო კილაძის განცხადებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მოუხდია ბოდიში არც ერთ გაუპატიურებულ, ნაწამებ ადამიანზე, ირმა ნადირაშვილის გაღიზიანება მოჰყვა [ვიდეო]

რომელ ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობთ „ნაციონალური მოძრაობა“, არასდროს მოგიხდიათ ბოდიში არც ერთ გაუპატიურებულ, არც ერთ ნაწამებ და გაუბედურებულ ადამიანზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ პარლამენტში საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რის შემდეგაც მას სიტყვიერად დაუპირისპირდა ოპოზიციონერი დეპუტატი ირმა ნადირაშვილი. სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავენ.

„ჩვენი კონსტიტუციის ერთ-ერთი უმთავრესი უფლება არის თანასწორობა. ჩემს კოლეგებს, ანრი ოხანაშვილსა და გიორგი კახიანს მოვუწოდებ, რომ თანასწორად მოეპყრათ უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებს. ვხედავ, რომ ორი წუთი ეთხოვება მარტო უმრავლესობას, უმცირესობა საუბრობს ნახევარი საათი. ეს არის უთანასწორო მოპყრობა და ამიტომ გთხოვთ, დაიცვათ ჩვენი უფლებები. რომელ ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობთ „ნაციონალური მოძრაობა“, მორალური დისკომფორტი არ გექმნებათ? არასდროს მოგიხდიათ ბოდიში არც ერთ გაუპატიურებულ, არც ერთ ნაწამებ და გაუბედურებულ ადამიანზე. სირცხვილია“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომიტეტების გაერთიანებული სხდომა დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.