სოფო კილაძე მთავრობის სხდომის მოწვევის თაობაზე პრეზიდენტის მოთხოვნას არაადეკვატურად მიიჩნევს
სოფო კილაძე მთავრობის სხდომის მოწვევის თაობაზე პრეზიდენტის მოთხოვნას არაადეკვატურად მიიჩნევს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მთავრობის სხდომის მოწვევის თაობაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნას არაადეკვატურად მიიჩნევს.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, საზოგადოებას პრეზიდენტისგან არაადეკვატური განცხადება არაერთხელ უნახავს და დღევანდელი მოთხოვნაც ამის მაგალითია.

„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მყოფი ძალები ქვეყანაში აპოკალიფსის დახატვას ცდილობენ, თითქოს, ბანდები დათარეშობენ და ასე შემდეგ. საზოგადოებაში განცდა არ არის, რომ ქვეყანაში უკონტროლო ბანდები დათარეშობენ. ასეთი სახის დარღვევების პირველი ინდიკატორი საზოგადოებაა, რომელმაც არჩევნებზე ნდობა გამოგვიცხადა“, – განაცხადა კილაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართავს, უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა მოიწვიოს, სადაც პრეზიდენტის მონაწილეობით სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხები იქნება განხილული.