სოფო კილაძე - მთავრობაში საკადრო ცვლილებაზე აჟიოტაჟისა და პანიკის ატეხვა სწორად არ მიმაჩნია
სოფო კილაძე - მთავრობაში საკადრო ცვლილებაზე აჟიოტაჟისა და პანიკის ატეხვა სწორად არ მიმაჩნია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ფიქრობს, რომ მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა და აჟიოტაჟისა და პანიკის ატეხვა სწორი არ არის.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ადამიანები თანამდებობიდან თავისი სურვილით მიდიან.

„საფუძველი არ მაქვს, სხვაგვარად ვიფიქრო. მიზეზი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დაასახელა, პოლიტიკოსისთვის მარტივად გასაგებია. გასაკვირი არ არის, რომ ადამიანს იმ სექტორში დაბრუნება მოუნდეს, საიდანაც მოვიდა. არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ არის. ეს ისეთი პოლიტიკური პროცესია, რომელიც ყველ ნორმალურ, განვითარებად ქვეყანაში მიმდინარეობს. აჟიოტაჟისა და პანიკის ატეხვა სწორად არ მიმაჩნია, რადგან ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა ადამიანები თანამდებობიდან თავისი სურვილით მიდიან”, – აცხადებს კილაძე.

დეპუტატი შესაძლო კორუფციულ ფაქტებზე “ევროპული საქართველოს” მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება და ამბობს, რომ თუ რაიმე დანაშაულზეა ლაპარაკი, ამას ყურადღება უნდა მიექცეს და შესაბამისი ორგანოები მიაქცევენ კიდეც.

“ისეთი შემთხვევა ხშირად არის, როცა “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” პროვოკაციაზე მიდიან და გაუგებარ ბრალდებებს ისვრიან. არაერთი ტყუილის გავრცელების მომსწრე გავმხდარვართ”, – დასძინა კილაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა შეცვალა.