სოფო კილაძე - მოთხოვნა, რომ სამოსამართლეო კორპუსი სასამართლო სისტემიდან გავიყვანოთ და რაღაც ახალი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, აბსურდიც კი არის
სოფო კილაძე - მოთხოვნა, რომ სამოსამართლეო კორპუსი სასამართლო სისტემიდან გავიყვანოთ და რაღაც ახალი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, აბსურდიც კი არის

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის მოთხოვნები სამართლებრივ სახელმწიფოსთან შესაბამისობაში არ არის.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, არასამთავრობო სექტორს უფლება აქვს, კანონის ფარგლებში საკუთარი მოსაზრება გამოხატოს, თუმცა მოთხოვნების შინაარსობრივი მხარე მეორე საკითხია, რომელიც დასაკვირვებელია.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი სამართლებრივ სახელმწიფოს და მის ფუნდამენტურ მოთხოვნებს მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს.

„არ მგონია, რომ ეს სამართლებრივ სახელმწიფოსთან შესაბამისობაში იყოს. თუ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ, ეს პროცესი განგრძობადი უნდა იყოს და გარკვეული ადამიანების მოსაზრებების საფუძველზე არ უნდა წყდებოდეს. მათი მოთხოვნები – თანამდებობიდან გადადგნენ, სამოსამართლეო კორპუსი სასამართლო სისტემიდან გავიყვანოთ და რაღაც ახალი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, სადაც სრულიად ახალი მოსამართლეები იქნებიან, აბსურდიც კი არის, რადგან წარმოუდგენელია, საქართველოში იმ კვალიფიკაციის მოსამართლეები ვიპოვოთ, რომელიც ყველა ადგილს შეავსებს, რომელიც მოსამართლეებთან მიმართებაში გვაქვს.

სისტემის ცვლა სამართლებრივად სწორი არ არის და მეორე მხრივ, ეს კიდეც რომ გვინდოდეს, იმდენ მოსამართლეს ვერ ვიპოვით, რომ სამოსამართლეო კორპუსი მთლიანად ჩავანაცვლოთ. ამის შესაძლებლობა ფიზიკურად არ არის”, – განაცხადა კილაძემ.

დატოვე კომენტარი