სოფო კილაძე - ძალიან ბევრი სამუშაოა სოციალური, ასევე განათლებისა და მართლმსაჯულების მიმართულებით
სოფო კილაძე - ძალიან ბევრი სამუშაოა სოციალური, ასევე განათლებისა და მართლმსაჯულების მიმართულებით

კონკრეტულ ნაბიჯებს, კონკრეტულ პრობლემებს უნდა მოჰყვეს შესაბამისი გადაწყვეტა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში არასრულწლოვანთა საკითხებზე გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს.

„განვიხილეთ ის პრობლემური თემები, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში შეგვიძლია, გადავჭრათ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი არის ასეთი შეხვედრები მთავრობის ადმინისტრაციაში, რა თქმა უნდა, პარლამენტთან კოორდინაციით, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, რათა კონკრეტულ პრობლემებს ჰქონდეს კონკრეტული გადაჭრა და ამ პროცესში ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ზიანი ისეთ შემთხვევაში, როდესაც გარკვეული საკითხები წარმოიქმნება. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სფერო და ამ სფეროების კოორდინირებული საქმიანობა საბოლოო ჯამში იძლევა იმ შედეგს, რასაც ჰქვია სისტემის გამართული მუშაობა“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, ძალიან ბევრი სამუშაოა სოციალური მიმართულებით, ასევე განათლებისა და მართლმსაჯულების მიმართულებით.

„ერთ-ერთი თემა, რასაც ჰქვია გადამზადება იმ პირების, ვისაც ბავშვთან აქვს შემხებლობა, რათა მათ იცოდნენ ზუსტად, როგორ უნდა მოიქცნენ ბავშვთან მიმართებით, რა სპეციფიკა აქვს იგივე ბავშვის გამოკითხვისა და დაკითხვის შემთხვევებს, ძალიან ბევრი საკითხი, რაც უკავშირდება პროფესიონალების კვალიფიკაციას, რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც ბევრი გვაქვს სამუშაო. მაგრამ ყველაზე მისასალმებელი, ვფიქრობ, ამ შეხვედრიდან ის არის, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს, კონკრეტულ პრობლემებს უნდა მოჰყვეს შესაბამისი გადაწყვეტა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ დროის უმცირეს ვადაში უწყებებს მიეცათ შესაბამისი დავალება, კონკრეტული გამოწვევების იდენტიფიცირება მოახდინონ, რათა ამაზე ჩვენ ყველამ ერთად ძალიან სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.