სოფო კილაძე - მხოლოდ აშშ-ში აქვთ მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის ასეთი გამჭვირვალე პროცედურა, სხვაგან იშვიათად მოიძებნება ამის პრეცედენტი
სოფო კილაძე - მხოლოდ აშშ-ში აქვთ მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის ასეთი გამჭვირვალე პროცედურა, სხვაგან იშვიათად მოიძებნება ამის პრეცედენტი

მხოლოდ აშშ-ში აქვთ მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის ასეთი გამჭვირვალე პროცედურა, სხვაგან იშვიათად მოიძებნება ამის პრეცედენტი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განუცხადა.

ჟურნალისტებმა სოფო კილაძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების, ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებების შესახებ დაუსვეს კითხვა, რომლებიც ამბობენ, რომ მოსამართლეთა სიაში „კლანის წევრები არიან“.

სოფო კილაძის თქმით, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები პროცესის დისკრედიტაციას ეცდებიან, მაგრამ გასაუბრებები უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ წარიმართება.

„ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე, როგორიც არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში საერთოდ. ძალიან ცოტა ქვეყანაშია. ერთ-ერთი ძლიერი დემოკრატია ამერიკაში არის და მხოლოდ იქ ვიცით, რომ არის ასეთი პროცედურა, მეტი სხვაგან ძალიან იშვიათად მოიძებნება ამის პრეცედენტი. გასაგებია, რომ ოპოზიციურად განწყობილი ეს ქალბატონები ყველაფერში ეცდებიან, რომ პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი გამჭვირვალე პროცედურა არ ყოფილა არასდროს. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, ნახოს, დააკვირდეს თითოეულ კანდიდატს და თავად მოისმინოს პასუხები. შემდეგ უკვე პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად დამაჯერებელია ამ კანდიდატების პასუხები და აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.