სოფო კილაძე - მიღებული ინფორმაციით, თამამად შემიძლია ვთქვა, საქართველოში სუბკულტურა ნამდვილად არ მართავს პენიტენციურ სისტემას
სოფო კილაძე - მიღებული ინფორმაციით, თამამად შემიძლია ვთქვა, საქართველოში სუბკულტურა ნამდვილად არ მართავს პენიტენციურ სისტემას

უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად, რათა პატიმრების უფლებები იყოს დაცული და ეს არის მუდმივი პროცესი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც იუსტიციის მინისტრსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უსმენენ.

სოფო კილაძის თქმით, საქართველოს პარლამენტი მუდმივად მუშაობს იმ ხარვეზების გამოსასწორებლად, რაც პენიტენციურ სისტემას გააჩნია.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ ომბუდსმენის ანგარიშებს, წლიურ ანგარიშსაც და სხვა სპეციალურ ანგარიშებსაც ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით. ეს ჩვენი მოვალეობა არის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის. ჩვენ, სწორედ პრობლემების იდენტიფიცირებისთვის ვართ აქ. ასევე იმისთვის, რომ თუ რაიმე ხარვეზი არის სახელმწიფო სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ეს ხარვეზი ჩვენ თვითონ ვნახოთ, შევისწავლოთ და ვიმუშაოთ ყველამ ერთად ამ ხარვეზის აღმოფხვრაზე. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით და ქალბატონი თეაც, ყოველთვის მომხრე იყო, რომ უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად, რათა პატიმრების უფლებები იყოს დაცული და ეს არის მუდმივი პროცესი. ეს პროცესი არ ჩერდება და საქართველოს პარლამენტიც, მათ შორის საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში მუდმივად ვმუშაობთ იმ ხარვეზების დასახვეწად, რაც გვაქვს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, საჭიროა, მთავარი აქცენტი გადავიტანოთ პრობლემებზე, რომლებიც რეალურად არის და ნაკლები დრო დავუთმოთ ისეთ საკითხებს, სადაც არ არის პრობლემა.

„მაგრამ თუ შევაჯამებთ საერთო სიტუაციას მგონია, რომ მთავარი აქცენტი უნდა გადავიტანოთ პრობლემებზე, რომლებიც რეალურად არის და ნაკლები დრო დავუთმოთ ისეთ საკითხებს, სადაც არ არის რეალურად პრობლემა. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ომბუდსმენის ინსტიტუტის მიმართ, მე მგონი დღეს სწორედ იმ საკითხს განვიხილავთ, სადაც სისტემური პრობლემა და ხარვეზი, რაც იყო 2012 წლიდან, აღმოიფხვრა. რაც მაქვს შეხება მსჯავრდებულებთან, ბრალდებულებთან, რა ინფორმაციაც შემოდის ჩვენთან კომიტეტში, ამის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ სისტემა რეალურად მუშაობს გამართულად. თუ არის ცალკეული შემთხვევები ადამიანის უფლებების დარღვევის, რა თქმა უნდა, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა აღმოიფხვრას. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მივიღე როგორც ომბუდსმენის მხრიდან, ასევე ქალბატონი თეას მხრიდან, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში სუბკულტურა ნამდვილად არ მართავს პენიტენციურ სისტემას“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სუბკულტურის საკითხი არ შეიძ₾ება სისტემურ პრობლემად განვიხილოთ.

„ცალკეული შემთხვევები სუბკულტურის წარმომადგენლების, მათი მხრიდან რაღაც ზეგავლენის მოპოვების რა თქმა უნდა იქნება. საქართველო ყველამ ვიცით, რომ არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა, სადაც არსებობდნენ ეს ადამიანები და ბუნებრივია, 10 წელში და კიდევ 20 წელშიც ეს ვერ აღმოიფხვრება სრულად. მაგრამ სისტემური პრობლემა ეს ნამდვილად არ არის ისევე, როგორც სისტემური პრობლემა არ არის ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან და ამას თქვენც აღნიშნავთ მგონი თქვენს ანგარიშში“, – განაცხადა სოფო კილაძემ.