სოფო კილაძე - მეუფე იაკობის განცხადებები საფუძველს იყო მოკლებული და მან შენდობა ითხოვა
სოფო კილაძე - მეუფე იაკობის განცხადებები საფუძველს იყო მოკლებული და მან შენდობა ითხოვა

ვფიქრობ, ჩვენ გაცილებით უფრო სერიოზული საქმეები გვაქვს გასაკეთებელი, ვიდრე არასერიოზულ განცხადებებზე ჩაკირკიტება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ მეუფე იაკობის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, მეუფე იაკობის განცხადებები საფუძველს იყო მოკლებული და მან შენდობა ითხოვა.

„საპატრიარქოს მხრიდანაც ასე გავრცელდა განცხადება, რომ მან არაფხიზელ მდგომარეობაში გააკეთა ეს განცხადებები, მან შენდობა ითხოვა. აქედან გამომდინარე, ეს არის ქარიშხალი ჭიქაში. ვფიქრობ, ჩვენ გაცილებით უფრო სერიოზული საქმეები გვაქვს გასაკეთებელი, ვიდრე არასერიოზულ განცხადებებზე ჩაკირკიტება. კონკრეტული საქმის გამოძიებაზე გადაწყვეტილებას იღებს პროკურატურა და მან თავად უნდა გადაწყვიტოს, თუმცა მგონია, რომ მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული განცხადებები იყო საფუძველს მოკლებული. მან შენდობის თხოვნით, ჩემი აზრით, აღიარა და აქედან გამომდინარე, მის განცხადებებს საფუძველი არ ჰქონდა. მგონია, რომ პროკურატურამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ გამოძიება არ დაიწყო“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობს საჯარო განცხადებების გამო სინოდმა გაფრთხილება გუშინ მიეცა.

„წმინდა სინოდმა განიხილა მთავარეპისკოპოს იაკობის (იაკობაშვილი) მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო.

წმინდა სინოდმა განაჩინა: მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნას მკაცრი ზომები“, – ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში.