სოფო კილაძე - საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციას კარტ-ბლანში მივეცით, რათა არ ყოფილიყო სპეკულაციები, თითქოს უმრავლესობამ რამე დამალა
სოფო კილაძე - საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციას კარტ-ბლანში მივეცით, რათა არ ყოფილიყო სპეკულაციები, თითქოს უმრავლესობამ რამე დამალა

ურთულესია იმის წარმოდგენა, რაც ზაზა სარალიძეს დაატყდა თავს, მისი რეაქციები გასაკვირი ნამდვილად არ არის, კითხვის ნიშნები, რომლებიც ჰქონდა, აბსოლუტურად გასაგებია და სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომისიის ფარგლებში ყველა საკითხი ძალიან დეტალურად გაგვევლო, რათა გამოკვლეულიყო, ხომ არ იყო რეალურად ის, რაზეც ზაზა სარალიძე საუბრობდა, – განაცხადა საგამოძიებო კომისიის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, სოფო კილაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„ვფიქრობ, ჩვენ რეალურად, მაქსიმუმი გავაკეთეთ. პირველ რიგში, ოპოზიციას კარტ-ბლანში მივეცით, რათა არ ყოფილიყო სპეკულაციები იმის შესახებ, თითქოს, უმრავლესობამ რამე დამალა, მაგრამ ფაქტობრივად, ოპოზიციამ ხელში ვერავითარი საკითხი ვერ დაიჭირა, რომელზეც თავიდან აპელირებდნენ, რომ აუცილებლად იპოვიდნენ მკვლელს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ეს პროცესი გამჭვირვალე ყოფილიყო და საზოგადოებას, პირველ რიგში, ბატონ ზაზა სარალიძეს თავისი თვალით ენახა და ონლაინრეჟიმში თვალ-ყური მიედევნებინა ყველა ნაბიჯისთვის, რასაც კომისია გადადგამდა“, – განაცხადა კილაძემ.

ამ განცხადებით სოფო კილაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა პასუხი აქვს ხელისუფლებას დავით სარალიძის მამისთვის, რომელიც რამდენიმე თვეა, მთავარ კითხვაზე პასუხს ელოდება, ვინ არის მისი შვილის მკვლელობის მონაწილე, რაც სასამართლომ და ახლა უკვე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ვერ დაადგინა. 

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა ბედი ეწევა საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელიც კომისიის უმრავლესობაში მყოფ უმცირესობას ეკუთვნის და რას უნდა ველოდოთ ხუთშაბათს, როცა ,,ევროპული საქართველო” კომისიის დასკვნას გამოიტანს, სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ როგორც წესი, პარლამენტი დასკვნის შესახებ არ მსჯელობს და მსჯელობს დადგენილების შესახებ პლენარულ სხდომაზე.

„დასკვნა, რაც საგამოძიებო კომისიამ მიიღო, ეს კომისიის დასკვნაა და სხვა არაფერი. პარლამენტის გადაწყვეტილება დადგენილების სახით მიიღება. სამართლებრივად, ეს ორი ერთმანეთისგან აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ. ჩვენ დადგენილების ვარიანტზე ვმუშაობთ, რომელსაც პარლამენტს პლენარულ სხდომაზე წარვუდგენთ და ხუთშაბათს, პარლამენტში ამ დადგენილების პროექტზე ვიმსჯელებთ, რომელიც იმ შედეგებს შეაჯამებს, რაც კომისიის მუშაობისას მივიღეთ“, – განაცხადა კილაძემ.

შეკითხვაზე, იქნება თუ არა ეს დადგენილება იმ დასკვნის იდენტური, რომლის წარდგენაც დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოხდა და, რომელიც ჩავარდა, საგამოძიებო კომისიის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ განაცხადა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ჯერ საბოლოოდ არ შეჯერებულან.

​როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, ზოგადად, კომისიის მუშაობისას მათ მიერ მიღებული შედეგები და გამოკვეთილი ძირითადი საკითხები მათ შორის, მათ დასკვნაშიც აისახა და ეს ის მთავარი გზავნილებია, რაც ფაქტობრივად, მათი პოზიციაა.