სოფო კილაძე - კითხვის ნიშნები ჩნდება, რატომ არ აქვთ მაკო გომურსა და კიდევ სხვა ადამიანებს დაზარალებულის სტატუსი
სოფო კილაძე - კითხვის ნიშნები ჩნდება, რატომ არ აქვთ მაკო გომურსა და კიდევ სხვა ადამიანებს დაზარალებულის სტატუსი

საოცარია, რატომ არ აქვს მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი, რა სამართლებრივი საფუძველი აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ საია-ს მიერ 20-21 ივნისის მოვლენებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, კითხვებზე პროკურატურამ პასუხი უნდა გასცეს.

„საკითხთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები მიჩნდება. ჩვენ ვნახეთ, პოლიციელები იყვნენ დაზიანებულები და რა თქმა უნდა, მათაც უნდა ჰქონოდათ დაზარალებულის სტატუსი, მაგრამ მე მგონია, რომ ოთხზე მეტ ადამიანს ყველა ვარიანტში უნდა ჰქონოდა დაზარალებულის სტატუსი, ამიტომ მე სერიოზული კითხვის ნიშნები მიჩნდება. მიჩნდება, რა თქმა უნდა, იმ გოგონას მიმართ, რომელმაც თვალი დაკარგა და საოცარია, რატომ არ აქვს მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი, რა სამართლებრივი საფუძველი აქვს. რატომ ვერ მოხვდა მაკო გომური და კიდევ სხვა ადამიანები, რომელიც ჩემი შეხედულებით შეიძლება იყვნენ დაზარალებულები, ამაზე პასუხი პროკურატურამ უნდა გაგვცეს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 7 ოქტომბერს გენერალური პროკურატურიდან მიღებული ინფორმაცია გაავრცელა. საიას ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს ორ საქმეზე, რომლის ფარგლებში აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი, ხოლო დაზარალებულად 67 სამართალდამცველია ცნობილი.