სოფიო კილაძე - ინფორმაცია, თითქოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შემოწმებისას ქალებს აშიშვლებენ, არის სიცრუე
ინფორმაცია, თითქოს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქალებს აშიშვლებენ და ბუქნებს აკეთებინებენ, არის სიცრუე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, სოფიო კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პატიმრებს შესაძლებლობა აქვთ, სკანერით შემოწმება აირჩიონ. როგორც კილაძე განმარტავს, პატიმრების შემოწმება საჭიროა, რადგან ციხეში აკრძალული ნივთი არ შეიტანონ.
„შემოწმების დროს პატიმრებს უფლება აქვთ სკანერი აირჩიონ, 99 პროცენტis შემთხვევებში ისინი ირჩევენ სკანერს.
ერთადერთი გამონაკლისია, როდესაც მაგალითად ონკოლოგიურ პაციენტს, მისივე თხოვნით, გინეკოლოგი ამოწმებს. დანარჩენი ეს არის ცრუ ინფორმაცია. სამწუხაროდ, არ ვიცი, რატომ გავრცელდა.
რაც შეეხება ქალების შიმშილობას, ბუნებრივია, მათ ჰქონდათ პროტესტი ასეთი ინფორმაციის გავრცელებაზე და ეს არის ცუდი. ცალსახაა, რომ იქ შემოწმება მიმდინარეობს ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით და ამას ადასტურებს თავადა პატიმრების რეაქცია, რომ შეურაცხყოფილად მიიჩნევენ თავს, როდესაც ასეთი პრაქტიკა არ არის. მათი მხრიდან სავსებით სამართლიანია ეს პროტესტი. არც ერთი საერთაშორისო დასკვნა არ საუბრობს, რომ ასეთი პრაქტიკა არის იქ“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ამ დროის მონაცემებით, 109 პატიმარი შიმშილობს. ქალი პატიმრები „ადამიანის უფლებათა ცენტრის” და სახალხო დამცველის ანგარიშს აპროტესტებენ, რომლის თანახმად, შემოწმების მიზნით, ქალთა დაწესებულებაში პატიმრების გაშიშვლების მეთოდი ისევ გამოიყენება.