სოფო კილაძე - გედევან ფოფხაძის განცხადება „ქართული ოცნებისთვის“ შეურაცხმყოფელია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეფასებით, დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადება „ქართული ოცნებისთვის“ შეურაცხმყოფელია.
როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ის მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ კომკავშირია, მაშინ პარტიაში ვერ გაჩერდება.
„თუ გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ კომკავშირია, არ ვიცი, მაგრამ თუ მივიჩნევდი, რომ აღნიშნული პარტია კომკავშირია, კომკავშირში ვერ გავჩერდებოდი. ეს მისი არჩევანია. ვფიქრობ, პარტიისთვის გედევან ფოფხაძის განცხადება შეურაცხმყოფელია“, – განაცხადა კილაძემ.
დეპუტატი გედევან ფოფხაძე გუშინ პარტია „ქართული ოცნებიდან“ უმრავლესობის დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „შეუძლიათ პარტიას „ქართული ოცნების“ ნაცვლად, კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან“.