სოფო კილაძე - ფარული ჩანაწერების საქმეში დამკვეთები უნდა გამოვლინდნენ 
სოფო კილაძე - ფარული ჩანაწერების საქმეში დამკვეთები უნდა გამოვლინდნენ 

პრინციპული საკითხია, რომ ფარული ჩანაწერების საქმეში დამკვეთები გამოვლინდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, მსგავსი ჩანაწერების გავრცელება კანონდარღვევა და ამორალური საქციელია.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ ვერ მოხდა გასვლა დამკვეთზე, ეს არის ნამდვილად პრინციპული საკითხი. ჩანაწერების გავრცელება, კანონდარღვევას რომ თავი გავანებოთ, ამორალური საქციელია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ გაავრცელებენ სხვისი პირადი ცხოვრების შემცველ კადრებს, დაისჯებიან. ეს ერთგვარი პრევენციაა, რომ მომავალში არ მოხდეს მსგავსი რამ, მაგრამ ასევე პრინციპული საკითხია, სამართალდამცავები გავიდნენ დამკვეთზე, რაც რთულია“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

დეპუტატს იმედი აქვს, რომ გამოძიება დამკვეთებს გამოავლენს, რადგან ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

„საზოგადოების მაღალი ინტერესია, რომ საკითხი გაირკვეს. ეს არის სამართალდამცავების ვალდებულება, სხვა ვერავინ გააკეთებს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში კიბერდანაშაულის აღნიშნული სახე ძალიან რთული გამოსაძიებელია. იმედს ვიტოვებ, საქმე ბოლომდე მივა“, – განაცხადა სოფიო კილაძემ და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ჭეშმარიტების დადგენა უპირველესად მმართველი გუნდის ინტერესია.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით, გუშინ კიდევ ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აწარმოებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სულ 18 პირია დაკავებული.