სოფო კილაძე - ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს და მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები ამ მხარდაჭერას ვერ შეცვლის
სოფო კილაძე - ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს და მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები ამ მხარდაჭერას ვერ შეცვლის

„ნაციონალური მოძრაობა“ რასაც აკეთებს, ეს არის არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არამედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

კილაძე ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებას ეხება.

„დახმარება, რომელიც გაცხადდა, რომ ევროკავშირი გადმოურიცხავს საქართველოს, არ არის „ქართული ოცნების“ დახმარება, ეს არის ქართველი ხალხის დახმარება, არ აქვს მნიშვნელობა, „ქართული ოცნების“ მომხრეა, „ნაციონალური მოძრაობის“ თუ საერთოდ აპოლიტიკური ადამიანია. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს და მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ამიტომ ვფიქრობ, რომ ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები ამ მხარდაჭერას ვერ შეცვლის. ჩვენ ბუნებრივია, შევასრულებთ ყველა ვალდებულებას, რომელიც გვაქვს ნაკისრი, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, დააზარალოს მოქალაქეები. ეს არის არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, არამედ არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რადგან თუ საქართველო ვერ მიიღებს ამ დახმარებას, ეს აისახება თითოეულ იმ მოქალაქეზე, რომელიც ელოდება, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება და არ მოუწევს სიღარიბესთან მარტო დარჩენა. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ფრთხილი უნდა იყოს იმ მავნე ქმედებებში, რომლებსაც ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, არარეალისტურია, რომ ერთი ევროპარლამენტარის განცხადებამ ევროკავშირის დახმარების გადმორიცხვაზე გავლენა იქონიოს.

„ბუნებრივია, ჩვენ ვაფასებთ ჩვენს პარტნიორებს, ჩვენთვის თითოეული პარლამენტარი არის ღირებული, მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, ის დახმარება, რომელიც იყო გაცხადებული, რომ ქვეყანას გადმოერიცხებოდა, ეს დახმარება აუცილებლად უნდა მივიდეს მოქალაქეებამდე, რადგან საქართველოს მოქალაქეები არიან საბოლოო ჯამში ამ დახმარების მიმღებნი. თუ „ნაცმოძრაობის“ ქმედებებით ეს დახმარება ვერ იქნება მიღებული მოქალაქეების მიერ, ეს აისახება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და თითოეულ მოქალაქეზე, ამიტომ მოვუწოდებ „ნაცმოძრაობას“, შეწყვიტოს ეს მავნე ქმედებები ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების წინააღმდეგ. სიმართლე გითხრათ, არ მიმაჩნია რეალისტურად, რომ საქართველოს არ გაეწევა დახმარება. როგორც გითხარით, ეს არ არის „ქართული ოცნების“ დახმარება. ეს არის ქართველი ხალხის დახმარება, ამიტომ მე ნაკლებ რეალისტურად მიმაჩნია, რომ ერთი ევროპარლამენტარის განცხადებამ გავლენა იქონიოს“, – დასძინა სოფო კილაძემ.