სოფო კილაძე - ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებას" უკიჟინებენ, „პატრიოტთა ალიანსს" ხელიც კი არ ჩამოართვას, მეორე მხრივ, ერთად სხედან გიგა ბოკერია, ნინო ბურჯანაძე და სხვა პარტიები
სოფო კილაძე - ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებას" უკიჟინებენ, „პატრიოტთა ალიანსს" ხელიც კი არ ჩამოართვას, მეორე მხრივ, ერთად სხედან გიგა ბოკერია, ნინო ბურჯანაძე და სხვა პარტიები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობის დასაკომპლექტებლად მოკავშირეების ძიება არ დასჭირდება, რადგან ამისთვის აუცილებელ მანდატებს აიღებს.

ჟურნალისტებთან საუბარში კილაძე ამბობს, რომ პარტია 76-ზე გაცილებით მეტ მანდატსაც მიიღებს.

„ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის მხარდაჭერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს და არა, ზოგ-ზოგიერთი გაყალბებული კვლევის მაჩვენებლები. ასევე, საინტერესოა ორმაგი სტანდარტი, ღიმილის მომგვრელია, რომ ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებას” უკიჟინებენ, არ გაბედოს და „პატრიოტთა ალიანსს” ხელიც კი არ ჩამოართვას, მეორე მხრივ კი, ვხედავთ, შეთანხმებებს აღწევენ, ერთად სხედან, მშვენივრად საუბრობენ და ერთმანეთს მოკავშირეებად განიხილავენ მაგალითად, გიგა ბოკერია, ნინო ბურჯანაძე და სხვა პარტიები, რომელთაც პრეტენზია აქვთ, რომ პროდასავლური არიან. არ ვიცი, ბოლო პერიოდში ნინო ბურჯანაძემ პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა? იყო პრორუსი და რჩება პრორუსად”, – დასძინა სოფო კილაძემ.

ამასთან, გუშინ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.