სოფო კილაძე ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოადგილეს შეხვდა
სოფო კილაძე ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოადგილე ქეით გილმორს შეხვდა.

სოფო კილაძემ ქეით გილმორს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სხვადასხვა სფეროში გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმაზე და არსებულ გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობაზე. ხაზი გაესვა აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, უპირველესად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა (OHCHR) და ადამიანის უფლებათა საბჭოს აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.

შეხვედრის ფარგლებში ასევე საქართველოსა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქეით გილმორმა ხაზი გაუსვა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი ოფისის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოში ადამიანის უფლებების რეფორმების სფეროში. ოფისი, ასევე, მიესალმება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს ხელისუფლების არსებულ სამშვიდობო პოლიტიკას.