სოფო კილაძე - დემოკრატიის მიმართულებით საქართველოს სვლა და დადებითი ტენდენციები ოფიციალურ ვაშინგტონს ეჭვქვეშ არ დაუყენებია
სოფო კილაძე - დემოკრატიის მიმართულებით საქართველოს სვლა და დადებითი ტენდენციები ოფიციალურ ვაშინგტონს ეჭვქვეშ არ დაუყენებია

ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის ყველაზე მჭიდრო ეტაპზე ვართ, რაც კი, ამ დროის განმავლობაში გვქონია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, სოფო კილაძემ საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოწოდებულია, აღნიშნული ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაგრძელდეს.

„საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება ეს, თუ ხელისუფლების ნებისმიერი სხვა ოფიციალური პირი, ჩვენ ყველა მოწოდებული ვართ, ეს ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაგრძელდეს. ამ იმედს მაძლევს განცხადებები, რომელიც ოფიციალური ვაშინგტონის დონეზე კეთდება. კელი დეგნანიც ამ ურთიერთობასა და მის მნიშვნელობაზე საუბრობდა. მესმის, ჩვენი ოპოზიცია და ოპოზიციური მედია იმის წარმოჩენას ცდილობს, თითქოს საქართველოსთან არავინ ურთიერთობს, თუმცა ასე არ არის“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, მისი თქმით, არის საკითხები, რაზეც მუშაობა პარტნიორებთან ერთად წარიმართება.

„ბუნებრივია, არის გარკვეული საკითხები, რაზეც ერთად ვიმუშავებთ. არჩილ თალაკვაძემაც გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ მიერ ინფორმაციის გაცვლა ინტენსიური იქნება და დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრები, ასეთი მჭიდრო კავშირები თავის შედეგს დადებს. დემოკრატიის მიმართულებით საქართველოს სვლა და დადებითი ტენდენციები ოფიციალურ ვაშინგტონს ეჭვქვეშ არ დაუყენებია. ცალკეულ სენატორებს უფლება აქვთ, თავიანთი მოსაზრება ჰქონდეთ, მაგრამ ჩვენთვის უპირველესი მნიშვნელობის არის ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში იმყოფება და შეხვედრებს მართავს.

ამასთან, 5-10 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად.