სოფო კილაძე - ჩვენთვის მთავარია, რომ მედიის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას საფრთხე არ შეექმნას
სოფო კილაძე - ჩვენთვის მთავარია, რომ მედიის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას საფრთხე არ შეექმნას

ჩვენთვის მთავარია, რომ მედიის თავისუფლებასა და მედიის დამოუკიდებლობას საფრთხე არ შეექმნას და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ “პალიტრა მედია ჰოლდინგის” სტამბაში პროკურატურის შესვლის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, “პალიტრა მედია ჰოლდინგში“ შემავალ მედიასაშუალებების მუშაობას რაიმე შეზღუდვა ნამდვილად არ აქვთ.

„თუ „პალიტრა მედია ჰოლდინგში“ შემავალ მედიასაშუალებებს რაიმე შეზღუდვა იქნება, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს. აქ საქმე იყო მხოლოდ კონკრეტული გამოძიების ფარგლებში, საბუთების გამოთხოვასთან. არ მგონია, რომ ეს რაიმე ფორმით ზღუდავდეს “პალიტრა მედია ჰოლდინგის” მედიასაშუალებების საქმიანობას. უბრალოდ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეული საბუთები იყო გამოთხოვილი. ეს არ არის მედიას თავისუფლებაში ჩარევა”, – განაცხადა კილაძემ.

ყოფილ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილთან დაკავშირებულ კითხვაზე სოფო კილაძემ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რა შუაშია ამ საქმესთან ქუმსიშვილი.

„არ ვიცი, როდის და რა ინფორმაცია მიეწოდა საგამოძიებო ორგანოებს. ამაზე ალბათ უკეთესად თვითონ გააკეთებენ განცხადებას. თუ პროკურატურამ შესაბამისი ინფორმაცია მიიღო ქუმსიშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, არ უნდა დაწყებულიყო გამოძიება კონკრეტულ საქმეზე? ან საერთოდ, რა შუაშია ქუმსიშვილი ჩემთვის ცოტა გაუგებარია”, – განაცხადა კილაძემ.