სოფო კილაძე - ჩვენ გვჭირდება შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები და ძლიერი კანონმდებლობა
სოფო კილაძე - ჩვენ გვჭირდება შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები და ძლიერი კანონმდებლობა

ჩვენ გვჭირდება შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები და ძლიერი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანებს დაიცავს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, დღეს ტყიბულში წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა.

„სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულების ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას. მე იქ უნდა ვიყო ახლა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ ტყიბულში ჩასვლას. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა მოხდა და იკვეთება თუ არა ვინმეს ბრალეულობა, რომ უმკაცრესად დაისაჯოს დამნაშავე. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პრევენციაა, რომ თავიდან ავირიდოთ ასეთი ტრაგედიები. ჩვენ გვჭირდება შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები და ძლიერი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანებს დაიცავს. 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელია, რომ ადამიანი ყოველ დღე მიდიოდეს სამსახურში და არ იცოდეს უკან ცოცხალი დაბრუნდება თუ არა, იმის გამო, რომ მისი სამსახური საფრთხის მატარებელია.”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჯანდაცვის კომიტეტებში მიმდინარეობს მუშაობა ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსოფლიო შრომის ორგანიზაციასთან (ILO) ერთად, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შრომის უსაფრთხოებას და შრომით უფლებებს.

„ამ წლის ბოლოს მთლიანად შევა ძალაში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც პარლამენტში დავამტკიცეთ წელს და რომელიც ეტაპობრივად შედის ძალაში. ადამიანის უფლებათა კომიტეტში გასულ კვირას გვქონდა საკომიტეტო მოსმენა თემაზე, თუ როგორ ხდება ახალი კანონმდებლობის აღსრულება. უკვე განხორციელებული, დაგეგმილი ცვლილებები და მათი ეფექტიანი აღსრულება მგონია, რომ სასიკეთო შედეგს მოიტანს და ადამიანები ასე არ დაიხოცებიან სამუშაო ადგილებზე”, – განაცხადა სოფო კილაძემ.