სოფო კილაძე - ბავშვის დახმარების ცხელი ხაზის ნომერი 111, პირველი ივნისიდან სრული დატვირთვით ამოქმედდა
სოფო კილაძე - ბავშვის დახმარების ცხელი ხაზის ნომერი 111, პირველი ივნისიდან სრული დატვირთვით ამოქმედდა

ჩვენს ძვირფას ბავშვებს მინდა მივულოცო ბავშვთა დაცვის დღე და ვუსურვო ლაღი, ბედნიერი ბავშვობა, ძალიან ბევრი წარმატება მათ, მათ ოჯახებს, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე.

სოფო კილაძემ იმ სიახლეზე გაამახვილა ყურადღება, რომელთან დაკავშირებით გასული ორი თვის განმავლობაში „ქართული ოცნების“ გუნდმა და გაერო-ს ბავშვთა ფონდმა იმუშავა. მისი ინფორმაციით, ინიციატივა მომზადდა სწორედ ბავშვის უფლებათა კოდექსისა და Covid19-თან ბრძოლის ფარგლებში.

„მინდა, წარმოგიდგინოთ ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი, ნომრით – 111. ყველამ ვიცით, რომ ბავშვიანი ოჯახები მრავალი მიმართულებით არიან მოწყვლადი, ამიტომ „ქართული ოცნების“ გუნდმა გადაწყვიტა, შეექმნა კოორდინაციის კარგი მექანიზმი სახელმწიფო სერვისებსა და ბავშვიან ოჯახებს შორის“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.

მისი ინფორმაციით, ცხელი ხაზი ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით იმუშავებს და მასში თავმოყრილია ყველა სერვისი, რომელიც ქვეყანაში მუშაობს – სოციალური, განათლების, ჯანდაცვის, ძალადობის წინააღმდეგ და ა.შ.

მისი თქმით, კომიტეტი ზედამხედველობას უწევს, რომ ამ სახელმწიფო სერვისების თითოეული სიკეთე კონკრეტულ ბავშვამდე და ოჯახამდე მივიდეს.

სოფო კილაძის განცხადებით, ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი 1 მაისიდან მოქმედებს სატესტო რეჟიმში, დღეიდან ის სრული დატვირთვით ამოქმედდება.

„ჩვენ დავაჯამეთ ცხელი ხაზის სატესტო რეჟიმის შედეგები: ეს არის 471 დახმარების თხოვნა, აქედან 229 ოჯახს უკვე გაეწია დახმარება, 242 შემთხვევა არის მიმდინარე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებსაც დავეხმაროთ“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სოფო კილაძემ ასევე დააანონსა სიახლე, რომელიც აზარტულ თამაშებსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე, ასევე ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს შეეძლებათ ცხელი ხაზის – 111-ის დახმარებით უფასო დახმარება მიიღონ ფსიქოლოგთან. კონსულტაცია შეიძლება მიიღონ ამ ბავშვების მშობლებმა და ახლობლებმაც. ყველამ ვიცით, რამდენი ოჯახის პრობლემაა აზარტული თამაშები და ნარკოტიკების მოხმარება. დარწმუნებული ვარ , რომ ამ სერვისით ბევრ ოჯახს დავეხმარებით. ჩვენ იუნისეფთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვამზადებთ ამ პროექტს და ამოქმედების შესახებ უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელ ღასან ხალილს და მთელ მის გუნდს, რომელმაც ბავშვის დახმარების ცენტრი მთლიანად დააფინანსა, მადლობა გადაუხადა ასევე ჯანდაცვის სამინისტროს გუნდსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს და მის აპარატს, რომლებმაც მისივე ინფორმაციით, ააწყვეს და უზრუნველყვეს ცხელი ხაზის გამართული მუშაობა.

დღესვე, ბრიფინგზე ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა, ღასან ხალილმა.

„დიდი პატივია ჩემთვის, ვიმყოფებოდე საქართველოს პარლამენტში და თქვენთან ერთად აღვნიშნავდე ბავშვთა უფლებების დაცვის ამ მნიშვნელოვან დღეს. ჩვენ განსაკუთრებულად ვფიქრობთ ბავშვებზე და მათ ოჯახებზე, რომლებზეც იმოქმედა კორონავირუსის პანდემიამ. ზოგ ოჯახს სჭირდება ინტერნეტი ბავშვის სწავლისთვის, მაგრამ არ აქვთ. ყველა ჩვენგანს აქვს სპეციალური საჭიროებები, მაგრამ ყველას არ აქვს ამის საშუალება“, – აღნიშნა ღასან ხალილმა. მისი თქმით, ასეთი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა პარლამენტისგან, მთავრობისგან, იუნისეფისგან.

მისივე განცხადებით, პარლამენტმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია.

დატოვე კომენტარი