სოფო კილაძე - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანაზე სასამართლო გადაწყვეტილებას ხუთ დღეში მიიღებს
სოფო კილაძე - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანაზე სასამართლო გადაწყვეტილებას ხუთ დღეში მიიღებს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე იმ საკანონმდებლო ცვლილებას განმარტავს, რომელიც ოჯახის წევრის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს უფლებას აძლევს, მოქალაქე დამოკიდებულ პირთა სიაში შეიყვანოს. ეს კი მას აზარტულ თამაშებში მონაწილეობას შეზღუდავს.

პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ამ საკითხზე შეკითხვა ჟურნალისტმა სანდრო ჯუფალაკიანმა დასვა და დაინტერესდა, რამდენად ეფექტური იქნება ეს ინიციატივა, ან პირიქით, შექმნის ოჯახებში დამატებით კონფლიქტებს.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დამოკიდებული პირები, ძირითადად, ოჯახში აგრესიულები ხდებიან და კონფლიქტს ისედაც წარმოქმნიან.

„ამიტომ, მათი ოჯახის წევრებს სასამართლოსთვის მიმართვის საშუალება უნდა მიეცეთ. ამას საერთაშორისო პრაქტიკაც ითვალისწინებს. იმისთვის, რომ მოთამაშემ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ოჯახი არ დაღუპოს, ასეთი შემთხვევებისთვის საქალაქო სასამართლოს ხუთდღიანი, ასევე სააპელაციო სასამართლოსაც ხუთდღიანი ვადა აქვს მიცემული. ეს ორი ინსტანცია ჩამკეტი იქნება, ამაზე მაღლა საქმე ვერ წავა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარმოდგენილი ინიციატივა დამოკიდებულ პირთა, ე.წ. შავი სიის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. მასში მოხვედრა მოქალაქეს საკუთარი სურვილით შეეძლება. ოჯახის წევრებს კი მიმართვა სასამართლოსთვის მოუწევთ იმის დასამტკიცებლად, რომ მათი ნათესავი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულია. ამ შემთხვევაში მოქალაქეს ნებისმიერ სათამაშო ობიექტზე, მათ შორის ონლაინ-სამორინეებში თამაში სამი წლით აეკრძალება.

თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ სიაში მოხვედრის შემთხვევაშიც, ისინი თამაშს სხვა პირების მონაცემების გამოყენებით შეძლებენ.