სოფო კილაძე - არ მგონია სწორი, რომ გიორგი მარგველაშვილმა ლამის მთელი სანათესაო შეიწყალა
სოფო კილაძე - არ მგონია სწორი, რომ გიორგი მარგველაშვილმა ლამის მთელი სანათესაო შეიწყალა

შეწყალება ჰუმანური აქტია, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ბალანსის დაცვა უნდა მოხდეს ორ ინტერესს შორის – ერთი, უნდა მოხდეს იმ ადამიანთა ინტერესების გათვალისწინება, რომლებიც საზოგადოებისთვის უკვე არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენენ და მეორე მიმართულებაა არსებული მაღალი საჯარო ინტერესი, რომ კრიმინალი არ გამძაფრდეს“, – განაცხადა კილაძემ.

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თანაზომიერების პრინციპით შეზღუდულია როგორც პრეზიდენტი, ასევე ხელისუფლების ნებისმიერი შტოს წარმომადგენელი.

„ბუნებრივია, კითხვის ნიშნები არსებობს, რადგან ადამიანთა ძალიან დიდი რაოდენობაა შეწყალებული. პერიოდულად გვესმის საქმეები და ირაკლი ქორიძის საქმეც ერთ–ერთი იყო, სადაც განმეორებით შემთხვევებში შესაძლო დანაშაულის ნიშნებია გამოკვეთილი“, – განაცხადა კილაძემ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დასახვეწია თუ არა შეწყალების პროცედურა, სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ თუ პროცედურები დაიხვეწება და კონკრეტული შემთხვევები ჩამოყალიბდება, რა კრიტერიუმების არსებობისას შეიძლება, პრეზიდენტმა ადამიანები შეიწყალოს, ეს პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის, კითხვის ნიშნები მის მიმართაც მოიხსნება და საზოგადოებას ექნება განცდა, რომ პრეზიდენტმა ადამიანი შეიძლება, კონკრეტულ შემთხვევებში შეიწყალოს.

„არ მგონია, რომ როცა პრეზიდენტს მიმართავენ, მან შეწყალების აქტი ყველა შემთხვევაში უნდა გამოსცეს. არც ის მგონია სწორი, რომ ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა ლამის მთელი სანათესაო შეიწყალა. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ადამიანს შეწყალება არანაირად არ შეეხოს იმის გამო, რომ ის პრეზიდენტის ნათესავია, მაგრამ აქ იმაზეა საუბარი, რომ უკვე რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ადამიანების შეწყალება პრეზიდენტის ძალიან ახლო წრიდან მოხდა, რაც ჩემში გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს და არ მგონია, ეს ბატონი პრეზიდენტის იმიჯზე დადებითად მოქმედებდეს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.