სოფო კილაძე - ამას სამოქალაქო პროტესტს ვერ დავარქმევ, აქციაზე ძალიან ცოტანი არიან მობილიზებული
სოფო კილაძე - ამას სამოქალაქო პროტესტს ვერ დავარქმევ, აქციაზე ძალიან ცოტანი არიან მობილიზებული

აუცილებელია, პარლამენტმა გააგრძელოს ფუნქციონირება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, აქციაზე ძალიან ცოტა მონაწილეა მობილიზებული და ეს სამოქალაქო პროტესტი არ არის.

„სიმართლე გითხრათ, ამას სამოქალაქო პროტესტს ვერ დავარქმევდი, რადგან ძალიან ცოტანი არიან მობილიზებული. უფრო მეტი მედიის წარმომადგენელია, მე რაც ვნახე, ვიდრე სამოქალაქო აქტივისტები. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ უმნიშვნელოვანესი საკითხები, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბიუჯეტის პროექტი გვაქვს განსახილველი, რომელზეც დამოკიდებულია სოციალური დახმარებებისა და პენსიების გაცემა, ჯანდაცვის და ოპერაციების დაფინანსება, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის შესაბამისი თანხის გამოყოფა ბიუჯეტიდან, რაც რეალურად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს და რეალურად მნიშვნელოვანია. აუცილებელია, პარლამენტმა გააგრძელოს ფუნქციონირება, როგორც ევალება. თუ ვინმეს აქვს პროტესტი გამოსახატი და უნდათ, დააფიქსირონ საკუთარი აზრი, ეს მშვიდობიანი ფორმით შეუძლიათ და არა იმ ფორმით, რასაც სამწუხაროდ, ვხედავთ“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, სახელმწიფო არავის უშლის ხელს, გამოთქვას მშვიდობიანი პროტესტი.

„თუ ეს პროტესტი დარჩება მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებში, ამაში ვერც მათ და ვერც ვერავის, არც სახელმწიფო და არც სხვა ვინმე ხელს არ შეუშლის, მაგრამ თუ კანონის ზღვარს გადავლენ, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებული იქნება, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ვნახეთ რამდენჯერმე, როგორ გაართვა თავი სახელმწიფომ ამ კუთხით კანონის ჩარჩოებში რეაგირებას“, – განაცხადა სოფო კილაძემ.