სოფო კილაძე - ადამიანის უფლებების სრული დაცვით კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა შს მინისტრის ძირითადი ვექტორია
სოფო კილაძე - ადამიანის უფლებების სრული დაცვით კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა შს მინისტრის ძირითადი ვექტორია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს მიაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნით გარკვეულ საკითხებზე კითხვის ნიშნებს პასუხი გაეცემა.

ამის შესახებ მან სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად შექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

სოფო კილაძის თქმით, ადამიანის უფლებების სრული დაცვით კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა შს მინისტრის ძირითადი ვექტორია.

„გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადება, რომ შსს-ს მთავარ ფუნქციას ადამიანის უფლებების სრული დაცვით კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში ხედავს, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია მთელი საზოგადოებისთვის. ეს არის ძირითადი ვექტორი, რომელიც აღებული აქვს შინაგან საქმეთა მინისტრს. რა თქმა უნდა, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა. აქედან გამომდინარე, ახალი დეპარტამენტი არის უმნიშვნელოვანესი. ის საყვედურები, რომლებიც გარკვეულწილად არსებობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, თითქოს რაღაც კუთხით უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონდა ადგილი, არ იყო უზრუნველყოფილი ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების დროს საკმარისი გამოძიება და ა.შ. ვფიქრობ, რომ ამ ყველა კითხვის ნიშანს მოეხსნება საფუძველი და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, შსს-ში სისტემური პრობლემები აღარაა.

„შესაძლოა, საუბარი იყოს ცალკეულ შემთხვევებზე, როცა შესაძლებელია, იყოს გარკვეული გადაცდომები, ან დანაშაულები – ვერ გამოვრიცხავთ ვერაფერს, მაგრამ ისიც არ არის კარგი, როდესაც ადამიანს აბრალებენ ხელაღებით, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. ეს არის გამოძიების საკითხი და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა კონკრეტულ დარღვევას ადგილი. ეს არის სწორედ შსს-ს, პროკურატურის პრეროგატივა, მაგრამ ამავდროულად, რა თქმა უნდა, პარლამენტი განახორციელებს ძალიან ეფექტიან კონტროლს ამ კუთხით“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.