სოფო კილაძე - ადამიანის უფლებების სფეროში ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს, თუმცა უამრავი გამოწვევა და პრობლემაა
სოფო კილაძე - ადამიანის უფლებების სფეროში ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს, თუმცა უამრავი გამოწვევა და პრობლემაა

სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ წლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებების ნაწილი ყოველთვის ის მიმართულებაა, სადაც სახელმწიფოს ძალისხმევა საკმარისი არასდროს არის, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები ყოველთვის არის და ამ სფეროს დახვეწა ვერც ერთმა სახელმწიფომ ვერ შეძლო.

„საშუალება არ მქონდა მამუკა ბახტაძის წლიურ ანგარიშს გავცნობოდი, მაგრამ ზოგადად ადამიანის უფლებების ნაწილი ყოველთვის ის მიმართულებაა, სადაც სახელმწიფოს ძალისხმევა საკმარისი არასდროს არ არის. ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები ყოველთვის არის. ეს უდიდესი სფეროა, რაც ვერც ერთ ქვეყანაში ვერც ერთმა სახელმწიფომ ვერ შეძლო, რომ დაეხვეწა და იდეალური გაეხადა. ჩვენი მთავარი მიზანია, ქვეყანაში არ იყოს სისტემური დარღვევები და სხვადასხვა მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები, რომ ეს სფერო გავაუმჯობესოთ. თუ ჩვენს განვლილ გზას შევადარებთ წინა ხელისუფლებასთან მიმართებით, დღესდღეობით ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს, თუმცა უამრავი გამოწვევა და პრობლემაა. პირველ რიგში, რაც უნდა ვთქვათ, ეს სიღარიბეა, რომელიც სხვა უფლებების რეალიზაციას მნიშვნელოვნად უშლის ხოლმე ხელს. პირველ რიგში, ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, რომ სიღარიბე დავძლიოთ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

საქართველოს პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პირველი ყოველწლიური მოხსენება წერილობითი ფორმით უკვე შევიდა. დოკუმენტი, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება, 212-გვერდიანია. მოხსენებაში საუბარია ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე. ასევე, ეკონომიკურ პროცესებზე, განათლების სფეროსა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ რეფორმებზე.