სოფო კილაძე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან შესაძლო გათავისუფლებაზე ინფორმაციას არ ადასტურებს
სოფო კილაძე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან შესაძლო გათავისუფლებაზე ინფორმაციას არ ადასტურებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობაში კილაძის შეცვლის ერთ-ერთ მიზეზად კომიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის ნაკლებობას ასახელებენ.

ამასთან, ერთ-ერთი ვერსიით, მმართველ გუნდში საუბარი იყო, რომ სოფო კილაძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი შეცვლიდა. ხოლო სოფო კილაძე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდებოდა. ამ შემთხვევაში, გიორგი კახიანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნებოდა, ხოლო ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დაუბრუნდებოდა.

პირველი არხი სოფო კილაძეს ესაუბრა. დეპუტატის მტკიცებით, მის თანამდებობასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში არანაირი მსჯელობა არ ყოფილა და გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორია.

„გუნდის გადასაწყვეტია, რა პოზიციაზე უნდა ვიყო. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მისაღები იქნება. ასეთი საკითხი დღის წესრიგში ჯერჯერობით არ დგას და შემიძლია, ამ თვალსაზრისით მტრებს იმედები გავუცრუო. ვერავინ იტყვის იმას, რომ კომიტეტთან თანამშრომლობა სურდა და არ ვითანამშროლეთ. შეგიძლიათ ჩვენი შეხვედრები ნახოთ, რა ტიპის ურთიერთობა გვაქვს დასავლელ პარტნიორებთან, ელჩებთან. ყველასთან ყველანაირი მიმართულებით ჯანსაღი ურთიერთობა მაქვს. ალბათ, ამ ყველაფრის უკან გარკვეული პოლიტიკური ინტერესები დგას, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ამით დაინტერესებული არიან და ეს ჭორები ვრცელდება, რომელიც საფუძველს მოკლებულია“, – დასძინა კილაძემ.