სოფო კილაძე აცხადებს, რომ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ხელისუფლების შესაძლო თანამშრომლობაზე „ევროპული საქართველოს“ ბრალდებები არასერიოზულია
სოფო კილაძე აცხადებს, რომ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ხელისუფლების შესაძლო თანამშრომლობაზე „ევროპული საქართველოს“ ბრალდებები არასერიოზულია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ხელისუფლების შესაძლო თანამშრომლობაზე „ევროპული საქართველოს“ ბრალდებები არასერიოზულია და ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება.

როგორც საქართველოს პირველ არხს კილაძემ განუცხადა, როცა ნებისმიერ განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნებს პოლიტიკური პარტია წააგებს, მარცხს ღირსეულად ეგუება და თავის ოპონენტს გამარჯვებას ულოცავს, თუმცა „ევროპულმა საქართველომ“ დემოკრატიის ეს პრინციპი ვერ გაითავისა და ცდილობს, „ქართული ოცნების“ ღირსეული გამარჯვება მუქ ჩრდილებში წარმოაჩინოს.

„მათი ბრალდებები გაუგებარია, რას ნიშნავს, „ქართული ოცნება“ კრიმინალებთან არის შეთამაშებული? – ეს არის შეურაცხყოფის მიყენება. თუ ოპოზიციას კონკრეტული ინფორმაცია აქვს, რომ რომელიმე პირმა არჩევნებზე რამე კრიმინალური ჩაიდინა ან რომელიმე პირი ე.წ. ქურდული სამყაროს წევრია და ამის მტკიცებულებები გააჩნია, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართოს, რადგან ეს დასჯადი ქმედებაა. თუ ინფორმაცია არ აქვთ, მარცხს შეეგუონ, რომელიც არაერთხელ განიცადეს. არასერიოზული ბრალდებებია და ეს ყველაფერი ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. მათი მხრიდან მტკიცებულებები ვერ მოვისმინე, აბსტრაქტული ბრალდებებია, რომელიც შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა გაახმოვანოს“, – განაცხადა კილაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე დღეს ვიდეომასალა წარადგინა და განაცხადა, რომ კადრებში ჩანს, როგორ არიან საარჩევნო უბნებზე მობილიზებული კრიმინალური ავტორიტეტები და ქალებს შეურაცხყოფას აყენებენ.