სოფო კილაძე აცხადებს, რომ „ბავშვთა კოდექსის“ პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე მედიასაშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა
სოფო კილაძე აცხადებს, რომ „ბავშვთა კოდექსის“ პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე მედიასაშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ „ბავშვთა კოდექსის“ პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე მედიასაშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

„სამწუხაროა, რომ მედიის ნაწილის მხრიდან ინფორმაცია არასწორად გაშუქდა, თითქოს, სექსუალური აღზრდის გაკვეთილებში სასულიერო პირების ჩართვას ვითხოვ. ორი რამ ვთქვი – სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებზე მშობლების თანხმობა იქნება საჭირო. ასევე კრიზისულ ვითარებაში, როცა ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა ხდება, სახელმწიფოს დისკრეციის ფარგლებში შესაძლებლობა იყოს, ამ პროცესში სასულიერო პირები ჩაერთონ, თუ ამას ოჯახი და კონკრეტული ადამიანები ითხოვენ. ეს ორი საკითხი ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის და მედიასაშუალებებმა არაობიექტურად გაავრცელეს. რაც შეეხება კლუბებს, ეს საკითხიც არასწორად გაიგეს. რაღაც ათვლის წერტილი ხომ უნდა იყოს? თავიდან 24:00 საათამდე იყო მითითებული, მაგრამ საიდან 24 საათი? ღამის კლუბი დილით ხომ ვერ იმუშავებს? თუ უკეთესი შემოთავაზება გაქვთ, გვითხარით და გავითვალისწინებ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გუშინ „ბავშვის კოდექსის“ პროექტი განიხილეს. „ბავშვის კოდექსის“ პროექტში ჩაიწერა, რომ სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელი მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში იქნება. ამასთან, „ბავშვთა კოდექსის“ პროექტის მიხედვით, კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში შესაძლოა, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც ჩაერთონ.  პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ მოზარდები ღამის კლუბებში მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით, 18:00-დან 00:00 საათამდე დაიშვებიან.