სოფო კილაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებსა და აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა
სოფო კილაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებსა და აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებსა და აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა.

შეხვედრაზე მსჯელობის საგანი ტელევიზიაში შექმნილი ვითარება იყო.

კილაძის თქმით, მიმდინარე კვირაში, ტელევიზიის როგორც ერთ, ასევე მეორე მხარე შეხვდა.

„ამ საქმესთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია უკვე ჩამომიყალიბდა, თუმცა დღეს კიდევ მივიღეთ დოკუმენტები, რომელთა გაცნობა აუცილებელია. ჩემს პოზიციაზე საბოლოო პასუხს იქამდე ვერ გეტყვით, ვიდრე ამ დოკუმენტებს არ შევისწავლით. გარდა ამისა, დღეს მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ აუდიტის დასკვნაა მოთხოვნილი და ამ დასკვნის შედეგებიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამ სიტუაციაში ვითარება ძალიან საფრთხილოა, რადგან საარჩევნო წელი გვაქვს და არც ერთ კითხვის ნიშანს არ დავტოვებთ იმასთან დაკავშირებით, რომ აქ რაიმე ფორმით ადგილი ჰქონდეს „ქართული ოცნების“ ჩარევას. ბუნებრივია, არანაირ ჩარევას არ აქვს ადგილი. ჩვენთვის ახლა მთავარია, აჭარის მაუწყებელში სიტუაცია იყოს მშვიდი და ყველა მხარეს ჰქონდეს თავისუფლად მუშაობის უფლება“, – განაცხადა კილაძემ.

შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე.

ნაკაშიძის თქმით, ის პრობლემები, რომელიც აჭარის ტელევიზიაში არსებობს, შეიძლება, ორად გაიყოს.

„პრობლემების ერთი ნაწილი პროფესიულია და ეს წესდების მიხედვით თვითონ კოლექტივმა უნდა გადაწყვიტოს, ხოლო ემოციური პრობლემები უნდა გადაწყდეს საზოგადოებასთან ერთად. ამაზე საუბარი ალბათ გაგრძელდება კომიტეტში. არსებობს წესდება და კოლექტივმა ამის მიხედვით უნდა იმოქმედოს. პარლამენტის სურვილია, რომ მაღალი სტანდარტის დემოკრატია ავაშენოთ, რომლის ნაწილიც არის მასმედია და იგივე სურვილი გვაქვს, რომ მასმედია იყოს მაღალი სტანდარტის და ემსახურებოდეს ჭეშმარიტებას“, – აღნიშნა ნაკაშიძემ.

თავის მხრივ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი აბაზაძემ განაცხადა, რომ კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია იმ არსებულ კრიზისულ სიტუაციაზე, რომელიც მაუწყებელში ხელოვნურად არის შექმნილი და ამ პირობებში შეუძლებელი ხდება ახალი ამბების კეთება.

„ვისაუბრე ჩემს მიმართ გამოთქმულ აბსურდულ და შეურაცხმყოფელ ბრალდებებზე. ვერავინ იტყვის, რომ ამ დღეების განმავლობაში ვინმემ რომელიმე ჟურნალისტს დაავალა, რომ ხელისუფლების მისამართით აღარ იყოს კრიტიკა, ან ვიღაცის მისამართით უფრო თბილი სიტყვა ეთქვათ და ა. შ. ჩვენი საქმე სამუშაო პირობებში უნდა ვაკეთოთ და არა – საბოტაჟის. როდესაც ნიუსრუმში შევედი, ჟურნალისტებმა გამოთქვეს პროტესტი და არ მომცეს საშუალება, გამეკეთებინა ჩემი საქმე. ისინი ამბობდნენ, რომ მე გიორგი კოხრეიძის ნარატივის გამტარებელი ვიყავი. ეს აბსურდული ბრალდებაა, რასაც დასაბუთება უნდა. არ ვფიქრობ, რომ ჩემი მისვლა ჟურნალისტებისთვის უნდა ყოფილიყო პროტესტის საფუძველი იმიტომ, რომ სამი წლის მანძილზე ამ ადამიანებთან ერთად ვიმუშავე. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ვიქნები იმის გარანტორი, რომ მათ საქმიანობაში ვერავინ ჩაერიოს, ვერც მრჩეველთა საბჭო, ვერც მაუწყებლის დირექტორი, ახალი ამბების მუშაობაში. თუკი ვინმეს ექნება ჩარევის მცდელობა, მე ვიქნები ის პირველი ადამიანი, რომელიც ამას საჯაროდ იტყვის ტელეეკრანზე“, – დასძინა აბაზაძემ.

დატოვე კომენტარი