სოფო ხუნწარიამ და სერგი გვარჯალაძემ, ჟურნალისტებთან ერთად, „ღამის ავტობუსით“ იმგზავრეს
სოფო ხუნწარიამ და სერგი გვარჯალაძემ, ჟურნალისტებთან ერთად, „ღამის ავტობუსით“ იმგზავრეს

თბილისის მერის მოადგილემ, სოფო ხურწარიამ და „ღამის ეკონომიკის“ ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ, ჟურნალისტებთან ერთად, „ღამის ავტობუსით“ პირველი რეისი შეასრულეს.

სერგი გვარჯალაძის თქმით, აღნიშნული მარშრუტი ქალაქის უმეტეს ნაწილს მოიცავს და მგზავრებს ღამის საათებში გადაადგილების პრობლემას მოუხსნის.

„ღამის ეკონომიკის პროექტის ჩარჩოებში დაიწყო მოქმედება ღამის ავტობუსმა. ავტობუსის ნომერია 222. მონიშნულია როგორც ღამის ავტობუსი. რაც შეეხება მარშრუტს, ამ ეტაპზე ჩვენ დავაკავშირეთ ორი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბანი – ვარკეთილი და გლდანი ერთმანეთს. რასაკვირველია, მარშრუტი შეიცავს ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან ეპიცენტრებს, სადაც ყველაზე ბევრი აქტივობაა პარასკევს და შაბათს. რამდენიმე წერტილი რომ გითხრათ, ეს არის აღმაშენებლის გამზირი, აბანოთუბანი. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ყველა ის წერტილი, რომელიც ყველაზე აქტიურია, ღამის პერიოდში იქნება დაკავშირებული. საპილოტე პროექტია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან კარგად დავაკვირდებით ამ ავტობუსის დაკავებულობას. შევისწავლით ამას და შესაბამისი კორექცია იქნება. ვფიქრობ, წლის ბოლომდე საშუალება გვექნება, ძალიან ზუსტი სურათი მივიღოთ, თუ როგორი ტრანსპორტირება გვჭირდება ღამის პერიოდში. ეს პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ტურისტების, ასევე ქალაქის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ღამის განმავლობაში მუშაობს. იმედი მაქვს, ეს ძალიან წარმატებული და საჭირო პროექტი იქნება“, – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის, სოფო ხუნწარიას თქმით, თუ პროექტი გაამართლებს, ღამით სხვა რეისების დამატებაც მოხდება.

„ღამის ეკონომიკის ფარგლებში დღეს პირველი რეისი შესრულდა. ეს არის ავტობუსი 222 ნომერი და მინდა, ყველამ დაიმახსოვროს ეს ნომერი. პროექტი საპილოტეა, თუმცა სამი თვის თავზე თუ პროექტი გაამართლებს, სხვა რეისებსაც დავამატებთ აუცილებლად. მინდა, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ ეს არამხოლოდ ტურისტებისთვისაა ხელსაყრელი, არამედ მნიშვნელოვანია და ძალიან სასარგებლოა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ღამით მუშაობენ და გადაადგილება უწევთ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით“, – განაცხადა სოფო ხუნწარიამ.

„ღამის ავტობუსი“ 21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებს. მარშრუტი„ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში შემუშავდა.

პროექტი საპილოტე რეჟიმში ხორციელდება. საპილოტე რეჟიმი 31 დეკემბერს დასრულდება.