სოფო ხორგუანი - თუ გამსაღებლისადმი მსუბუქი დამოკიდებულება გვექნება, მოზარდს ნარკოტიკის მიყიდვისგან ვერ დავიცავთ
სოფო ხორგუანი - თუ გამსაღებლისადმი მსუბუქი დამოკიდებულება გვექნება, მოზარდს ნარკოტიკის მიყიდვისგან ვერ დავიცავთ

თუ ვინმე ნარკოტიკს ყიდის, მას გავლენიანი მფარველი ჰყავს. სხვანაირად შეუძლებელია, ამას ვინმე ბედავდეს, – ამის შესახებ კრიზისების მართვის სპეციალისტმა, სოფო ხორგუანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს ყოველთვის ასე იყო და დღესაც ასეა, მაგრამ ჩვენ ეს უნდა დავამთავროთ“, – განაცხადა ხორგუანმა.

როგორც მან აღნიშნა, ნარკოტიკების მოხმარება ფართო სპექტრის პრობლემაა და ადამიანს ამისგან მხოლოდ ოჯახი, მკაცრი, ან თუნდაც ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ვერ დაიცავს.

„მე რეცეპტი არ მაქვს, მაგრამ მთავარია, სიფრთხილე გამოვიჩინოთ და პროცესი ჯანსაღად წარიმართოს. თუ ვამბობთ, რომ პროგრესულები ვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა ადამიანის მიმართ უფრო ჰუმანური უნდა გახდე. ამიტომ, ჩვენ რეალურად უნდა წავიდეთ ჰუმანიზმისკენ, ადამიანზე, გარემოზე ზრუნვისკენ. ეს პროცესი ფრთხილად უნდა წარიმართოს, რადგან იმ ქვეყანაში, სადაც ნარკომანიის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკა გაატარეს, ნარკომანიამ პირველ ეტაპზე მოიმატა. მეშინია, ისევ არ მივიღოთ ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მშვიდი, თანმიმდევრული, გააზრებული ნარკოპოლიტიკა გვჭირდება“, – განაცხადა კრიზისების მართვის სპეციალისტმა.

როგორც კრიზისების მართვის სპეციალისტმა განაცხადა, დღეს მოზარდის დაცვა ვერ ხერხდება, რათა მას თამბაქო და ალკოჰოლი არ მიჰყიდონ. ამიტომ, მისივე თქმით, არსებობს რისკი, რომ შესაძლოა, ნარკოტიკის მიყიდვისგან ვერ მოხერხდეს მოზარდის დაცვა.

„თუ გამსაღებლის მიმართ უფრო მსუბუქი დამოკიდებულება გვექნება, მით უმეტეს, ვერ ვხედავ შესაძლებლობას, მოზარდი ნარკოტიკის მიყიდვისგან დავიცავთ. ჩვენ სტერილურ გარემოში არ ვართ და ამ საფრთხეზეც უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.

სოფო ხორგუანმა ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდა და არა ლეგალიზაცია.

„ამასთან, ლაპარაკია მხოლოდ მარიხუანაზეა და სხვა არაფერზე. ანუ, სხვა სახის ნარკოტიკის მოხმარება, მათ შორის კლუბური ნარკოტიკის მოხმარება რჩება დანაშაულად ისევე, როგორც იყო. ეს ასეა და ადამიანები შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.