სოფო ხორგუანი - საპრეზიდენტო არჩევნებს პოზიტიურად შევხედე, რადგან მოქალაქეებმა ჩვენი ძალა ვიგრძენით
სოფო ხორგუანი - საპრეზიდენტო არჩევნებს პოზიტიურად შევხედე, რადგან მოქალაქეებმა ჩვენი ძალა ვიგრძენით

საპრეზიდენტო არჩევნებს პოზიტიურად შევხედე, რადგან მოქალაქეებმა ჩვენი ძალა ვიგრძენით, – ამის შესახებ კრიზისმენეჯერმა, სოფო ხორგუანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ვიგრძენით, გავითავისეთ და გავიაზრეთ, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის ხმას მნიშვნელობა აქვს. ეს მომწონს, რადგან ადამიანები ამბობენ, ჩვენ შეგვიძლია, ხელისუფლებას რაღაც გავაკეთებინოთ და რაღაც შევცვალოთ. ჩვენ, მოქალაქეებმა ვთქვით, რომ შეგვიძლია, ვმართოთ ხელისუფლება, რომელიც ჩვენი დაქირავებულია კონკრეტული საქმეებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის“, – განაცხადა ხორგუანმა.

მისი თქმით, თუ „ქართული ოცნების“ დამსახურება რამეა, ეს პირველ რიგში, თავისუფლებაა, ვიზალიბერალიზაციასთან ერთად, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოხდა. 

„მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა ძალიან მძიმე და ზღვარგადასული სიძულვილის ენის გამოყენებას, საზოგადოებას გამოხატვის სრული თავისუფლება ჰქონდა და მგონია, რომ ეს ყველაფერი მაინც პოზიტიურია, რადგან მივხვდით, რომ თავისუფლება ძალიან მაგარი რამეა. ახლა, ვისწავლით, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს და მერე როგორღაც დავაღწევთ თავს პრობლემებს“, – განაცხადა ხორგუანმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია 2020 წლამდე მესამე, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ძალის გაჩენა, სოფო ხორგუანმა განაცხადა, რომ დღეს მესამე ძალას ვერ ხედავს, მაგრამ პროცესები ძალიან სწრაფად მიდის, ქვეყანაში სრული თავისუფლებაა და თუ ხელისუფლებამ დაპირებული ცვლილებები დროულად არ გაატარა, მესამე ძალა აუცილებლად გაჩნდება.

„თავისუფალი ადგილი შეუვსებელი არ დარჩება“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.