სოფო ხალვაში - სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრაზე და კლიპში გამოჩენა არ ზღუდავს ჩემი გამოხატვის თავისუფლებას, არ ვარ ჟურნალისტი, ვარ მოქალაქე და გამოვხატე ჩემი პოზიცია
სოფო ხალვაში - სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრაზე და კლიპში გამოჩენა არ ზღუდავს ჩემი გამოხატვის თავისუფლებას, არ ვარ ჟურნალისტი, ვარ მოქალაქე და გამოვხატე ჩემი პოზიცია

აჭარის ტელევიზიიდან ამ დრომდე არავინ არ დამკავშირებია. ის, რომ ეთერიდან მომხსნეს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო,  სოციალური ქსელიდან გავიგე, – ამის შესახებ პირველ არხს მომღერალმა სოფო ხალვაშმა განუცხადა.

როგორც სოფო ხალვაშმა აღნიშნა, აჭარის ტელევიზიაში მისი პოზიცია და გადაწყვეტილება იცოდნენ.

„ტელევიზიაში იცოდნენ ჩემი პოზიციისა და გადაწყვეტილების შესახებ. დავწერე შვებულება, მაგრამ ხელი არ მომიწერეს, მიზეზი არ ვიცი, რატომ. მე არ ვარ ჟურნალისტი, ვარ მომღერალი და სწორედ ამიტომ ვარ აჭარის ტელევიზიის დილის გადაცემის წამყვანი. ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ საარჩევნო შეხვედრაზე და კლიპში გამოჩენა არ ზღუდავს ჩემი გამოხატვის თავისუფლებას, მე ვარ მოქალაქე და გამოვხატე ჩემი პოზიცია”, – განაცხადა სოფო ხალვაშმა.

სოფო ხალვაშმა სპორტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმღერა. როგორც აჭარის ტელევიზიაში აცხადებენ, სოფო ხალვაში გადაცემა „დილის ტალღის“ წამყვანია. მათივე ინფორმაციით, სოფო ხალვაშის საკითხზე აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო. აჭარის ტელევიზიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის გია ქარცივაძის განცხადებით, საქმის დასრულებამდე შაბათ-კვირას „დილის ტალღა“ ეთერში გავა, მაგრამ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მას სოფო ხალვაში არ წაიყვანს.