სოფო ჯაფარიძის თქმით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მიმართავენ ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს პოლიპროფილურ კლინიკაში
სოფო ჯაფარიძის თქმით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მიმართავენ ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს პოლიპროფილურ კლინიკაში

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განცხადება სოფო ჯაფარიძემ და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა გააკეთეს. მათი განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობა ყოველდღიურად მძიმდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს სოფო ჯაფარიძემ, მიხეილ სააკაშვილის ექიმმა, ეკატერინე მხეიძემ, პულმონოლოგმა, ვახტანგ ქაცარავამ, რეანიმატოლოგმა, გოჩა გორგოძემ, ქირურგმა ლევან ფერაძემ.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს პოლიპროფილურ კლინიკაში.

„ჩვენი შეკრების მიზეზი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი. უკვე 26-ე დღეა, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე უფრო და უფრო მძიმდება. შეიძლება ითქვას, კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. დღეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შევიკრიბეთ, რომ მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას არც ახლა და არც არასდროს, როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არ არის დრო პოლიტიკური ანგარიშსწორების. დღევანდელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს მყისიერ გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას მრავალპროფილურ კლინიკაში, რაც დღეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ის საჭიროებს ყოველდღიურ 24-საათიან მონიტორინგს და მაღალკვალიფიციურ მკურნალობას. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ეს რესურსი ციხის სამედიცინო დაწესებულებას არ გააჩნია, რაც დაადასტურა სახალხო დამცველმა. სამწუხაროდ, სახელმწიფო და ჩვენი მთავრობა სხვა გზას არ გვთავაზობს და ისინი პირდაპირ წირავენ მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.