სოფო ჯაფარიძე - რეჟიმი არის შეშინებული, „ნაციონალური მოძრაობა“ გაძლევთ პირობას, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო
სოფო ჯაფარიძე - რეჟიმი არის შეშინებული, „ნაციონალური მოძრაობა“ გაძლევთ პირობას, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო

ივანიშვილის რეჟიმი არის შეშინებული, სრულ პანიკაში და ისტერიკაშია, რადგან დარწმუნდნენ, რომ ამ იდეის გარშემო, რასაც ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა ჰქვია, გაერთიანდა სრულიად საზოგადოება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

სოფო ჯაფარიძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას აძლევს პირობას, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო.

„მათ ზუსტად იციან, რომ ისინი დასრულებული არიან და 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიფორმებს კუთვნილ გამარჯვებას. 4 ოქტომბერს გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა. ქუდზე კაცი უნდა ვიყოთ რუსთაველის გამზირზე. არ შეშინდეთ, არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან, ვიბრძოლებთ ბოლომდე და უკომპრომისოდ. დღეს ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაძლევთ პირობას, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ბრძოლა იქნება ბოლომდე და, რაც მთავარია, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე.

ყველას მოგმართავთ, გამაგრდით პოლიტიკურო ტყვეებო. ლევან, მურთაზ და სინდისის თითოეულ პატიმარს მივმართავ, რომ არცერთი წამით არ დავიხევთ უკან, თქვენ გვერდით ვართ, ვართ ისეთი ძლიერები, როგორც არასდროს. დღესაც, ხვალაც, ზეგაც უნდა ვიყოთ ქუჩაში, უნდა ვიყოთ მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრული და 4 ოქტომბერს, კულმინაციურ დღეს, გავაფორმებთ იმ გამარჯვებას, რომელსაც იმსახურებს ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.