სოფო ჯაფარიძე - მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ პრეზიდენტისგან, ვეთანხმებით, ერთობას ალტერნატივა არ აქვს, მოვისმინეთ შეთავაზება, ყველაფერზე ვიმსჯელებთ და ჩვენ პასუხს გაგაგებინებთ
სოფო ჯაფარიძე - მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ პრეზიდენტისგან, ვეთანხმებით, ერთობას ალტერნატივა არ აქვს, მოვისმინეთ შეთავაზება, ყველაფერზე ვიმსჯელებთ და ჩვენ პასუხს გაგაგებინებთ

მინდა, დავეთანხმო სალომე ზურაბიშვილს და გავიზიარო მისი პოზიცია, რომ ერთობას არ აქვს ალტერნატივა. ერთობა არის ის გასაღები, რაც მიგვიყვანს გარდაუვალ გამარჯვებამდე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ დღეს პრეზიდენტისგან. მე არაერთხელ მითქვამს და ახლაც მინდა, ვთქვა, დავეთანხმო მას და გავიზიარო მისი პოზიცია, რომ დიახ, ერთობას არ აქვს ალტერნატივა. ერთობა არის ის გასაღები, რაც მიგვიყვანს გარდაუვალ გამარჯვებამდე. ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტები იყო მოწოდებული, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის. შესაბამისად, ცხადია, ვეთანხმებით და კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ერთობას ალტერნატივა არ აქვს და აუცილებლად მიგვიყვანს გარდაუვალ გამარჯვებამდე“, – აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას დროებით პარლამენტთან დაკავშირებით, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის შეთავაზებაზე იმსჯელებენ.

„კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ დღეს მოვისმინეთ მისგანაც შეთავაზება, ყველაფერზე ვიმსჯელებთ და აუცილებლად, საბოლოოდ ჩვენ პასუხს გაგაგებინებთ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევისა და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.