სოფო ჯაფარიძე - მივმართავთ უკრაინულ მხარეს, უკრაინის პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება იმ პირთა გამოსავლენად, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ დანაშაული ჩაიდინეს
სოფო ჯაფარიძე - მივმართავთ უკრაინულ მხარეს, უკრაინის პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება იმ პირთა გამოსავლენად, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ დანაშაული ჩაიდინეს

მივმართავთ უკრაინულ მხარეს, რომ უკრაინის პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება, რათა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში ყველა პირი გამოვლინდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი იყო და არის უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი.

„მიხეილ სააკაშვილი არის ზელენსკის მთავრობის მაღალჩინოსანი და ვფიქრობ, უკრაინული მხარის ჩართულობა ამ მიმართულებით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეკითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა ქართული მხარე უკრაინის პროკურატურასთან თუკი დაიწყება გამოძიება, სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წევრების ქმედებების პროგნოზირება რთულია.

„არაერთხელ აღვნიშნე, რომ რთულია, პროგნოზი გააკეთო ადამიანებზე, „ქართული ოცნების“ წევრებზე, რომლებიც არიან ოლიგარქის ბანკის თანამშრომლები და შეუძლებელია, ვივარაუდოთ, თუ რა, როგორ და რანაირად შეიძლება, მათ გააკეთონ. ცხადია, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაში ჰყავდეთ, რადგან უშუალოდ ვლადიმერ პუტინისგან აქვთ ბრძანება მიღებული. ყველაფერს გააკეთებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ხმა არ ისმოდეს, ხმა, რომელსაც მთელი მსოფლიო უსმენს. მიმართვის შინაარსი არის, რომ დაისაჯოს და გამოვლინდეს ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთ მოპყრობაში. ცხადია, ამ საქმეს ჰყავს მთავარი დამნაშავე, ეს არის პუტინი და ოლიგარქი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, უკრაინული მხარისთვის მიმართვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ.

„მართალია, უკრაინისთვის ძალიან მძიმე პერიოდია, მაგრამ სხვადასხვა დროს გვახსოვს ზელენსკის განცხადებები, მიმართეს ჩვენს ხელისუფლებას თხოვნით, გადაეცათ მათი მოქალაქე, მაგრამ, როგორც ჩანს, აქედან უარია. ასე რომ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კარგია, რომ საზოგადოებაა ამის ინიციატორი – არასამთავრობო ორგანიზაციები და არა – პოლიტიკური პარტიები, თუმცა ვფიქრობ, ყველა არის გულშემატკივარი“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას შეფასებით, ამ საქმეს კონკრეტული დამნაშავეები ჰყავს. „სხვანაირად როგორ კეთდება, ვიღაც ადამიანების ხელით კეთდება ეს ყველაფერი, ალბათ სხვადასხვა დონეზე“, – განაცხადა გიული ალასანიამ.