სოფო ჯაფარიძე - გრძელდება საზოგადოების უპრეცედენტო აქტიურობა, არის ადამიანების რიგი, რომლებსაც უნდათ, ხელი მოაწერონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას
სოფო ჯაფარიძე - გრძელდება საზოგადოების უპრეცედენტო აქტიურობა, არის ადამიანების რიგი, რომლებსაც უნდათ, ხელი მოაწერონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას

მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება ჩვენი საზოგადოების უპრეცედენტო აქტიურობა, არის ადამიანების რიგი, რომლებსაც უნდათ, ხელი მოაწერონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, დაუყოვნებლივ მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, რადგან ის საფრთხის წინაშეა.

„მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება ჩვენი საზოგადოების უპრეცედენტო აქტიურობა. ძალიან ბევრ რეგიონში ვიყავით უკვე, ყველგან ასეთი მდგომარეობაა. არის რიგები ადამიანების, რომლებსაც უნდათ, ხელი მოაწერონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მოუწოდონ სალომე ზურაბიშვილს, რომ აუცილებლად, დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება! ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ ნავალნის მაგალითი და არაერთხელ მოგვისმენია რუსი დიქტატორი მმართველისგან, ვლადიმერ პუტინისგან, როგორ ავლებდა პარალელს მიხეილ სააკაშვილსა და ნავალნის შორის. ასევე, არაერთხელ გვინახავს, თუ როგორ ემუქრებოდა მიხეილ სააკაშვილს ის სიცოცხლის მოსპობით. აქედან გამომდინარე, მისი გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, ის არის ძალიან დიდი საფრთხის წინაშე! ის არის პირადად ვლადიმერ პუტინის პატიმარი, ტყვე! კიდევ მივმართავ აქედან სალომე ზურაბიშვილს – ქალბატონო სალომე, შეხედეთ, რამდენი ათასი ადამიანი არის ყველგან, მთელი საქართველოს მასშტაბით, ისინი გთხოვენ, ნუ დაგვიმახინჯებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და გაათავისუფლეთ პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.