სოფო გორგოძე - მათემატიკის გარეშე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ვერ ვიქნებით, ამიტომ ტექნიკურ მიმართულებებზე ამ გამოცდის ჩაბარება მნიშვნელოვანია
სოფო გორგოძე - მათემატიკის გარეშე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ვერ ვიქნებით, ამიტომ ტექნიკურ მიმართულებებზე ამ გამოცდის ჩაბარება მნიშვნელოვანია

მათემატიკის გარეშე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ვერ ვიქნებით, ამიტომ ამ გამოცდის ჩაბარება მნიშვნელოვანია, თუ აბიტურიენტი არაჰუმანიტარულ მიმართულებაზე აბარებს, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოსთვის თვითმყოფადობის შენარჩუნება არც ისე მარტივია, ამიტომ გადაწყდა, რომ ჰუმანიტარულ მიმართულებებზე აბიტურიენტებმა მესამე სავალდებულო საგნად ისტორია ჩააბარონ, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ისტორიის ცოდნა.

ამასთან, როგორც სოფო გორგოძემ აღნიშნა, უნივერსიტეტში ჩაბარების ახალი მოდელი არის გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივა და თუ ვინმე უკეთეს მოდელს წარადგენს, მზად არიან იმსჯელონ.

„რატომ მათემატიკა და ისტორია? ამის დასაბუთება ასეთია, თუ ეროვნული გამოცდებისთვის იქნება სამი სავალდებულო საგანი, ის ბავშვები, რომლებიც არაჰუმანიტარული მიმართულებით გადაწყვეტენ ჩაბარებას, მნიშვნელოვანია, მათ იცოდნენ მათემატიკა. ზოგადად, მათემატიკის სწავლების მხრივ ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. და თუ მეხსიერება არ მღალატობს, „კატის“ (CAT) გამოცდებში ჩაჭრილთა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლი მათემატიკის გამოცდაში ფიქსირდება, რაც ძალიან სამწუხაროა. მათემატიკის გარეშე ჩვენ ნამდვილად ვერ წავალთ წინ და ვერ ვიქნებით კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე, ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თუ აბარებ არაჰუმანიტარული მიმართულებით.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ მიმართულებას, ისტორია იმიტომ შევარჩიეთ, რომ ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა და ჩვენთვის ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნება ძალიან რთულია. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თუ ადამიანი ჰუმანიტარული მიმართულებით აბარებს, მას ისტორიის ცოდნა უნდა მოვთხოვოთ. ჩვენი ისტორია და ტრადიცია ბავშვებმა უნდა იცოდნენ და ამ საგნის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

ამასთან, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მსჯელობა შეიძლება, რომ საზოგადოებრივი მეცნიერებებიდან სხვა საგანი იყოს ამორჩეული.

„ჩვენ ღია ვართ ამაზე მსჯელობისთვის. შემუშავებული გვაქვს ძირითადი პრინციპები, მაგალითად სკოლის როლის გაძლიერება, უნივერსიტეტს მეტი როლი ჰქონდეს სტუდენტის არჩევაში და ა.შ. თუ ამ პრინციპებს ეთანხმება ის, რასაც შემოგვთავაზებენ ადამიანები, რომლებიც საკითხით დაინტერესებული არიან, რა თქმა უნდა, შემოთავაზებებს განვიხილავთ“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

ეროვნული გამოცდები 2020 წლიდან სამ საგანში ჩატარდება, ზოგადი უნარების გამოცდა კი სავალდებულო აღარ იქნება. ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები ყველა აბიტურიენტისთვის სავალდებულო იქნება. მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში, ისტორიას.