სოფო გორგოძე - კომპლექსური რეფორმები სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიმდინარეობს
სოფო გორგოძე - კომპლექსური რეფორმები სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიმდინარეობს

კომპლექსური რეფორმები სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა.

მისი თქმით, სწავლების ხარისხის პრობლემას მხოლოდ ეროვნული გამოცდების მოდელის შეცვლა ვერ მოაგვარებს, ეს ერთ-ერთი კომპონენტია.

„რაც შეეხება სწავლების ხარისხს და რამდენად ვართ ამისთვის მზად – ზოგადად, სწავლების ხარისხით ვერ დავიკვეხნით და ვიამაყებთ. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ეს კომპლექსური რეფორმები, რომ სწავლების ხარისხი გავაუმჯობესოთ.

თუ გვაქვს წარმოდგენა, რომ მხოლოდ ტექნიკური მიმართულებებითაა პრობლემები, ასე არ არის, ჰუმანიტარული საგნების მიმართულებითაც გვაქვს პრობლემები, ამიტომ კომპლექსური მიდგომა სჭირდება აღნიშნულ საკითხს. მხოლოდ და მხოლოდ გამოცდების დანიშვნა, მოხსნა ან მოდელის შეცვლა ხარისხს ვერ გააუმჯობესებს, ეს მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია“, – სოფო გორგოძემ.

მისი თქმით, სამინისტრო იზრუნებს, რომ საგამოცდოდ ყველა საგნობრივი ტესტი შედგეს ისე, რომ აბიტურიენტის ანალიტიკური და განსჯის უნარის შეფასება იყოს შესაძლებელი.

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. ახალი მოდელის შესაბამისად, ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო საგნების სიიდან დამატებითი საგნების სიაში გადაინაცვლებს.