სოფო გორგოძე - ერთიან ეროვნულ გამოცდებში რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 94-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა
სოფო გორგოძე - ერთიან ეროვნულ გამოცდებში რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 94-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 94-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,  სოფო გორგოძემ განაცხადა.

სოფო გორგოძე დღეს ქუთაისში საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა.

მისი თქმით, ორი ძირითადი მიზანი, რომელიც ეროვნული გამოცდების პროცესში იყო დასახული, მიღწეულია.

„დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მოგეხსენებათ, ორი ძირითადი მიზანი გვქონდა, როცა ვიწყებდით ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ერთი გახლდათ, რომ პანდემიის პირობებში შეგვექმნა აბიტურიენტებისთვის ისეთი გარემო, მათ მაქსიმალურად შეძლებოდათ გამოევლინათ თავიანთი ცოდნა და უნარები, მეორე – მასშტაბური ღონისძიების დროს თავიდან აგვეცილებინა კორონავირუსის გავრცელების საფრთხე. ვფიქრობ, სხვადასხვა უწყების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად,  ორივე მიზანი მიღწეულია და თითოეულ უწყებას და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამასთან, მისი თქმით, იყო გარკვეული პრობლემებიც, მაგრამ როგორც ინფიცირებულმა, ასევე კარანტინში გადასულმა აბიტურიენტებმა შეძლეს გამოცდები ჩაებარებინათ და ისინი პროცესს არ გამოთიშულან.

„ცხადია, გვქონდა გარკვეული პრობლემები. იყო შემთხვევა, როცა გვყავდა კოვიდინფიცირებული აბიტურიენტი, მაგრამ როგორც ამ აბიტურიენტმა, ისე ყველა დანარჩენმა, ვისაც კარანტინში მოუწია გადასვლა, შეძლო და ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, ისინი არ გამოეთიშნენ პროცესს. რაც შეეხება სხვა სტატისტიკას, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 94 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც შეეხება სტუდენტებსა და საგრანტო კონკურსს, აქ შედარებით დაბალია პროცენტი – 78 პროცენტმა მიიღო მონაწილება. იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები, რაც შეეხება ეროვნული გამოცდებიდან აბიტურიენტების მოხსნის ფაქტს, გვქონდა სამი ასეთი შემთხვევა. ერთი შემთხვევა იყო მობილური ტელეფონის აღმოჩენის გამო, ორი შემთხვევა იყო დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო, სხვა შემთხვევები არ გვქონია“, – განაცხადა გორგოძემ.

ამასთან, მისი თქმით,  ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა,  მაგრამ საგამოცდო პროცესი გრძელდება 4 აგვისტოს ჩათვლით.

„მასწავლებლობის მსურველებისთვის გრძელდება ეს პროცესი, ასევე  მაგისტრობის მსურველები, რომლებიც პირველი და 4 აგვისტოს ჩათვლით გაივლიან ტესტირებას“, – განაცხადა გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა.

ასევე როგორც მან განმარტა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან აბიტურიენტები, რომლებიც ვერ ახერხებენ გამოცდების ჩაბარებას, სპეციალური წესით ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში.

„რაც შეეხება აბიტურიენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან,  მათთვის არსებობს ჩარიცხვის განსხვავებული წესი, შესაბამისად ისინი ამ ალტერნატიული წესის საფუძველზე ჩაირიცხებიან. თუმცა თუ ზოგიერთმა მათგანმა მოახერხა და ჩააბარა გამოცდები,  ჩვეულებრივ მონაწილეობს ამ პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალტერნატიული წესით, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქვს მომზადებული ამის შესახებ“, – განაცხადა გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდა. ჩატარდა ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. განათლების სამინისტროს შეფასებით, გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. მიმდინარეობს ნაშრომების გასწორების პროცესი. შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება. გამოსაცდელები საკუთარი შედეგებისა და ნაშრომების ნახვას შეძლებენ გამოქვეყნებისთანავე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.