სოფო გორგოძე - 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზად არის
სოფო გორგოძე - 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზად არის

მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად და აბიტურიენტთა მისაღებად მზად არის. ​აპლიკანტთა დიდი რაოდენობის გამო დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა ხულოსა და ბათუმში.

წელს საგამოცდო სექტორები გაგრილების სისტემითაა აღჭურვილი. ცენტრებთან გამოცდების პერიოდში მუდმივად იქნება მობილიზებული სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

პროცესის მიმდინარეობას გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე მუხიანში, 175-ე სკოლაში გაეცნო.

„სამზადისი თითქმის დასრულებულია. 23-ვე ცენტრში ბოლო დეტალები ზუსტდება. რამდენიმე საათში გვექნება ყველა ცენტრში გენერალური რეპეტიცია. ყველაფერი გაიტესტება ზუსტად ისე, როგორც უნდა იყოს ხვალ. რეპეტიციის შემდეგ უკვე შეიძლება ითქვას, რომ მზად ვიქნებით აბიტურიენტების მისაღებად. ვთხოვ აბიტურიენტებს, არ დაიგვიანონ რეგისტრაციაზე. თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ ცენტრის ცხელ ხაზს“, – განაცხადა ​ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძემ.

საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელად გამოყოფილია დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილი იქნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი:
  • მეტრო “ახმეტელიდან” მუხიანის მიმართულებით N175 საჯარო სკოლამდე;
  • მეტრო “ახმეტელიდან” გლდანის მიმართულებით N177, N173 და N39 საჯარო სკოლებამდე;
  • მეტრო “ვარკეთილიდან” N117 საჯარო სკოლამდე;
  • მეტრო “სამგორის” ზედა ამოსასვლელიდან N103 საჯარო სკოლამდე;
  • მეტრო “დიდუბიდან” N147 საჯარო სკოლამდე.
ტრანსპორტზე მითითებული იქნება დაწესებულების სახელწოდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და საგამოცდო ცენტრის მისამართს.

პირველ ივლისს, ეროვნული გამოცდების პირველ დღეს, აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერენ ტესტს.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა. მასწავლებლის კომპეტენციას 31500-მდე აპლიკანტი დაადასტურებს.