სოფო გორგოძე - ეროვნულ გამოცდებში წელს არსებითი ცვლილებები არ იგეგმება
სოფო გორგოძე - ეროვნულ გამოცდებში წელს არსებითი ცვლილებები არ იგეგმება

ეროვნულ გამოცდებში წელს არსებითი ცვლილებები არ იგეგმება, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„დღესაც რამდენიმე ზარი იყო ამის შესახებ. ზოგს ჰქონია, რომ უნარების გამოცდა არ ჩაბარდება და ა.შ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეროვნულ გამოცდებში ცვლილებები წელს არ იგეგმება. ერთადერთი ცვლილება, რომელიც უკვე დაანონსდა, ეხება იმას, რომ თუ სტუდენტმა ერთზე მეტი არჩევითი საგანი ჩააბარა და ერთ-ერთში ჩაიჭრა, ამ შემთხვევაში არ კარგავს შანსს, გრანტი მიიღოს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას ნიშნავს უნივერსიტეტებს შორის კონკურენციისთვის ის, რომ უნივერსიტეტების მხრიდან სხვადასხვა საგამოცდო ბარიერის დაწესების შესაძლებლობა იქნება და არის თუ არა რისკი, რომ პრესტიჟული და ნაკლებად პრესტიჟული უნივერსიტეტების დაყოფა მოხდეს, სოფო გორგოძემ განაცხადა, რომ ბარიერის ცენტრის მხრიდან დაწესება თავიდანვე არასწორი იყო და უნივერსიტეტებს უნდა ჰქონდეთ მექანიზმი, თავიანთი ავტონომია გამოიყენონ, რათა მაქსიმალურად მიიღონ ისეთი აბიტურიენტები, როგორის მიღებაც აინტერესებთ.

შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა გამოცდების ცენტრზე უარის თქმას ის, რომ უნივერსიტეტებს შეეძლებათ, გამოცდები ჩაიბარონ და ისინი თავად გადაწყვეტენ, დამატებით კიდევ რა უნდათ, რომ მოითხოვონ, გორგოძემ აღნიშნა, რომ გარდა იმ სავალდებულო გამოცდებისა, რომელიც ამ ეტაპზე განისაზღვრა, უნივერსიტეტს შეუძლია, დამატებით ერთი, ან ორი გამოცდა მოითხოვოს და ცენტრი ამ გამოცდის ჩატარებას ისევე უზრუნველყოფს, როგორც ადრე უზრუნველყოფდა.

„მომავალში, რამდენიმე წლის შემდეგ, ზუსტად ვერ მოგახსენებთ, რა იქნება. სავარაუდოდ, ნელ-ნელა, შეიძლება, იქითკენ წავიდეთ, რომ უნივერსიტეტმა რაღაც დამატებითი კრიტერიუმი დააწესოს და გარდა ცენტრალიზებული გამოცდებისა, კიდევ არსებობდეს რაღაც კომპონენტი ისევე, როგორც მაგალითად, სახელოვნებო უნივერსიტეტების შემთხვევაშია, რაც უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს, უფრო მეტი ავტონომიით ისარგებლოს და უფრო კარგად განსაზღვროს, როგორ უნდა მიიღოს სტუდენტები“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.