ეროვნულ გამოცდებზე კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციების შეცვლა ან გამკაცრება არ იგეგმება
ეროვნულ გამოცდებზე კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციების შეცვლა ან გამკაცრება არ იგეგმება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტისთვის „კოვიდ 19“-ის დადასტურების შემდეგ დამატებითი პრევენციული ღონისძიების გატარების საჭიროება არ არსებობს და უსაფრთხოების ზომების გამკაცრების რეკომენდაცია ცენტრს ჯანდაცვის სამინისტროსგან არ მიუღია.

მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევისთვის საგამოცდო ცენტრები ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდეც მზად იყვნენ.

„გუშინ გაცხადდა, რომ გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტს დაუფიქსირდა კორონაინფექცია. თუმცა, ის ცხრა აბიტურიენტი, რომლებიც განთავსებული იყვნენ მასთან ერთად სექტორში, შესაბამისი კვლევების შემდეგ, ჩვეულებრივად გააგრძელებენ საგამოცდო პროცესში მონაწილეობას. ჩვენ მათ შევუქმნით განსაკუთრებულ პირობებს, ისინი იქნებიან იზოლირებულად მოთავსებულნი სარეზერვო სივრცეებში, სადაც უზრუნველყოფილნი იქნებიან სამმხრივი ფარით.

დამატებითი რეკომენდაციები არ გვქონია, რადგან, როდესაც ვემზადებოდით, ჩვენ ამ შემთხვევისთვისაც ვიყავით მზად და გვქონდა უკვე სპეციალური სარეზერვო სივრცეები, სადაც სამმხრივი შემოსაზღვრული ფარით განთავსდებიან დანარჩენი აბიტურიენტები. შესაბამისად, რამე რეკომენდაციის შეცვლას ან გამკაცრებას ამ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ ეს წინასწარ იყო განსაზღვრული და არსებული რეკომენდაციებით ზუსტად ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამასთან, როგორც გორგოძემ ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პერიოდის შეჯამებისას აღნიშნა, გასულმა ერთმა კვირამ მთლიანობაში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

„რომ შევაჯამოთ პანდემიიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მაინც ამ ერთმა კვირამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. რა თქმა უნდა, იყო დაგვიანების შემთხვევები, იყო შემთხვევები, როდესაც ტემპერატურის გამო მოგვიწია აბიტურიენტების სარეზერვო სივრცეებში განთავსება“, – აღნიშნა გორგოძემ.

მისივე თქმით, იმ აბიტურიენტებს, რომლებიც პირველ საგამოცდო დღეს მაღალი ტემპერატურის გამო მოიხსნენ გამოცდიდან, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

„რაც შეეხება იმ აბიტურიენტებს, რომლებიც პირველ საგამოცდო დღეს მაღალი ტემპერატურის გამო მოიხსნენ გამოცდიდან, მათ ჩაუტარდათ შესაბამისი კვლევები და ინფექცია არ დაუდასტურდათ. შესაბამისად, ისინი კვლავ ჩაერთნენ საგამოცდო პროცესში. უკვე მიიღეს მონაწილეობა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში და ჩვეულებრივად გააგრძელებენ ამ პროცესში მონაწილეობას“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამასთან, როგორც გორგოძემ აღნიშნა, ხვალ იწყება ისტორიის გამოცდა.

„ხვალ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გვექნება ორი საგამოცდო სესია. გვექნება ნაკლებად ხანგრძლივი გამოცდები, რომლებიც ორ სესიად გადანაწილდება“, – აღნიშნა გორგოძემ.