სოფო გორგოძე - 2020 წელს იცვლება ატესტატის გაცემის წესი, ამიტომ ლოგიკურია, გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელებისთვის მომავალი წლიდან გაუქმდეს
სოფო გორგოძე - 2020 წელს იცვლება ატესტატის გაცემის წესი, ამიტომ ლოგიკურია, გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელებისთვის მომავალი წლიდან გაუქმდეს

2020 წელს იცვლება ატესტატის გაცემის წესი, ამიტომ ლოგიკურია, გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელებისთვის მომავალი წლიდან გაუქმდეს, თუმცა ეს შეიძლება იყოს მსჯელობის საგანი, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა.

„ზოგადად, უეცარი ცვლილებები, რაც არ უნდა კარგი ცვლილება იყოს, ყოველთვის შოკისმომგვრელი და ძნელად შესაგუებელია. განათლებაშიც ასეა, უეცარი ცვლილება აზიანებს სისტემას. ჩვენ ეს ცვლილებები ახლა დავაანონსეთ და ვამბობთ, რომ ატესტატის გაცემის წესი იცვლება 2020 წელს.

მე-11 კლასისთვის მხოლოდ იმიტომ უქმდება გამოცდები, რომ ისინი ატესტატს 2020 წელს იღებენ, 2020 წელს კი არსებული წესით აღარ გაიცემა ატესტატი და ალოგიკური იქნება, წელს ჩავაბარებინოთ გამოცდები. შეიძლებოდა მე-11 კლასისთვის წელს დარჩენილიყო გამოცდები, მაგრამ სრულიად ალოგიკურია, რომ არ გაუქმდეს. შესაბამისად, მე-12 კლასისთვის იმიტომ არ უქმდება, რომ ატესტატის გაცემის წესი წელს არ იცვლება, მაგრამ თუ სამინისტრო გადაწყვეტს და ყველას ისე მოეწონა ამ გამოცდების გაუქმება, გადაწყვეტილება იქნება მიღებული, წელსვე შევწყვიტოთ გამოსაშვები გამოცდები და მე-12 კლასსაც გაუუქმდეს, ეს შეიძლება იყოს მსჯელობის საგანი. ამაზე ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით და ალბათ, სამინისტრო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ ლოგიკა არის, რომ ცვლილებები 2020-იდან ამოქმედდება და შესაბამისად, წელს მე-12 კლასისთვის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება ცოტა ალოგიკურია“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე 29 იანვარს განაცხადა, რომ 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. კერძოდ, 2019 წელს მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს შენარჩუნდება მეთორმეტე კლასელებისთვის.