სოფო ბაჩილავა - ბულინგს აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, ის არ აზიანებს მხოლოდ მსხვერპლს, არამედ ასევე აქვს ნეგატიური გავლენა გარშემომყოფებზე
სოფო ბაჩილავა - ბულინგს აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, ის არ აზიანებს მხოლოდ მსხვერპლს, არამედ ასევე აქვს ნეგატიური გავლენა გარშემომყოფებზე

ბულინგს აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დამახასიათებელი თვისება, ის არ აზიანებს მხოლოდ მსხვერპლს, – განაცხადა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, სოფო ბაჩილავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ბულინგს აქვს ნეგატიური გავლენა გარშემომყოფებზე. ასეა ვთქვათ, ფიზიკურ სივრცეში, როდესაც ბულინგზე ვსაუბრობთ. ადამიანები, რომლებიც არიან ბულინგის შემთხვევების შემსწრე, მუდმივად არიან დათრგუნული, რადგან ეშინიათ, რომ თავადაც არ აღმოჩდნენ ასეთი საფრთხის წინაშე“, – განაცხადა ბაჩილავამ.

მისი თქმით, თუ ამას ონლაინსივრცეში გადმოვთარგმნით, კიდევ უფრო რთულ სურათს ვიღებთ.

„სოციალური ქსელები, ზოგადად, სოციალური მედია მედიის ერთ-ერთი ფორმაა და ვიცით, რომ მედია ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებისთვის. ის ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი აზრი გამოთქვას და დემოკრატიულ საზოგადოებაში მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა საკუთარი აზრი დააფიქსირონ, მაგრამ იმის გამო, რომ ადამიანები შეიძლება, ფრთხილობდნენ და შიშობდნენ, რომ თუ მე რაღაც პოსტი დავწერე, შეიძლება ვიღაც შემოვიდეს ჩემი პოსტის ქვეშ და მომაყენოს შეურაცხყოფა, დამემუქროს და ა.შ., თავს იკავებენ. სამწუხაროდ, ასეთი არაერთი შემთხვევაა. მეც, მაგალითად, თქვენს სტუდიაშიც ვყოფილვარ რამდენჯერმე, სხვა ტელევიზიაშიც და დღეს მქონდა პირველად ასეთი შეკითხვა ჩემს თავთან – წავიდე თუ არ წავიდე, ხომ არ ჯობია, ვიყო სახლში და ვიყო ჩუმად. თუმცა, ასეთი კითხვები სხვადასხვა დროს მქონია ხოლმე, იმავე რაღაც სტატუსის დაწერამდე და ყოველთვის, როდესაც ჩემს თავთან დავსვამ ამ შეკითხვას, მაინც ვამბობ და ვფიქრობ, რომ სათქმელი უნდა ითქვას, მოვლენები უნდა შეფასდეს. მათ შორის, თუ ხედავ, რომ რომელიღაც ძალა რაღაც არასწორს აკეთებს, მნიშვნელობა არ აქვს, ის იმ მომენტში ხელისუფლებაშია, ოპოზიციაში თუ საერთოდ გარე ძალაა, როდესაც ხედავ, რომ რაღაც არასწორი ხდება, მგონი, ეს უნდა შეფასდეს. ეს არის დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მახასიათებელი“, – განაცხადა ბაჩილავამ.

როგორც სამოქალაქო განათლების პედაგოგმა აღნიშნა, სოციალურ ქსელებში ე.წ ბოტები და ტროლები აწარმოებენ მიზანმიმართულ კამპანიებს, რომლის მიზანიც საზოგადოებაში განწყობების შექმნაა.

„ამით იცით, რა რეჟიმში გადავდივართ? რეალურად, საქმეზე აღარავინ აღარ ლაპარაკობს და ე.წ პოსტსიმართლის ერას რასაც ვეძახით, ემოციების დონეზე ვწყვეტთ, ეგრევე მივემხრობით ერთს ან მეორეს და ფიქრის, რეალურ საქმეზე მსჯელობის დრო აღარ რჩება“, – განაცხადა ბაჩილავამ.

სოფო ბაჩილავამ ასევე განაცხადა, რომ მუდმივი დაპირისპირება საზოგადოებას ფიტავს.

„ის, რაც ხდება, ემოციურად ძალიან დამღლელია მენტალური ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, ოჯახებში, სადაც სულ კონფლიქტია და ბავშვი არის ოჯახში მუდმივი კონფლიქტის, ძალადობის შემსწრე, ის ძალადობის მხსვერპლად მიიჩნევა ხოლმე, რადგან როდესაც ბავშვი ასეთ ქაოსურ და დისფუნქციურ სიტუაციაში იზრდება, ამას ბევრი ნეგატიური შედეგი მოსდევს. ამიტომ თუ ჩვენს საზოგადოებას, სახელმწიფოს დიდ ოჯახად წარმოვიდგენთ, ეს გაუთავებელი დაპირისპირება, რაც ხდება, საზოგადოებისთვის ძალიან გამომფიტავია“, – განაცხადა ბაჩილავამ.

ამასთან, სოფო ბაჩილავამ აღნიშნა, რომ როდესაც მიდის მსჯელობა, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი საზოგადოებამ კიბერტერორის რეალობაში, საუბარია ხოლმე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე, თუმცა ეს არის ბეწვის ხიდზე გავლა.

„მგონია, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბარი ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს, რადგან არ ვიცით, ამას როდის რა ფორმაცია მიეცემა და რისთვის იქნება გამოყენებული ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის რეჟიმში. ამიტომ, მე ვფიქრობ, მედიაწიგნიერება არის ერთ-ერთი გზა იმის, რომ ადამიანებმა გაარჩიონ, თუნდაც სად ხდება მიზანმიმართულად აზრის ფორმირება. იმავე სოციალურ ქსელში თუ ვხედავთ, რომ არის ძალადობრივი მოწოდებები და ბულინგის შემთხვევები, ყველა მედიაქსელს აქვს რეპორტის ფუნქცია, როდესაც იმ კონკრეტულ კომენტარს თუ პოსტს დაარეპორტებ, ანუ ალგორითმს ეტყვი, რომ ეს, რაც აქ ითქვა, არ არის სწორი. ჩვენ, საზოგადოება, ალბათ უნდა გადავიდეთ ამ რეჟიმზე“, – განაცხადა სოფო ბაჩილავამ.