სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 27 000-მდე ფერმერს აგრობარათებზე უკვე ხუთ მილიონ ლარამდე დაერიცხა
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 27 000-მდე ფერმერს აგრობარათებზე უკვე ხუთ მილიონ ლარამდე დაერიცხა

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში აგრობარათების დარიგების პროცესს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი გაეცნო.

„სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. 27 000-მდე ფერმერის აგრობარათებზე უკვე ხუთ მილიონ ლარამდე დაირიცხა. ქულების დარიცხვა გრძელდება“, – განაცხადა ილია თამარაშვილმა.

20 მაისიდან, ეტაპობრივად მიმდინარეობს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა ლიბერთის ბანკის აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისათვის; ეტაპობრივად ხდება ბანკის მიერ აგრობარათების დარიგებაც. ფერმერებს შეუძლიათ დარიცხული ქულებით სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში.

ფერმერებმა ბანკში ვიზიტის დროს თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მხოლოდ მას შემდეგ მიმართონ ბანკს როცა პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ვებპორტალზე myliberty.ge. გადამოწმებენ ინფორმაციას.

პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 0.25-დან 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა ერთ ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა, აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით. 1,25-დან 10 ჰა მიწის ნაკვეთის მფლობელებსა და თანამესაკუთრეებს ხვნის მომსახურების მიღება სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანიის სერვისცენტრებში შეუძლიათ. ხვნის მომსახურების საფასური ერთ ჰა-ზე აგრობარათზე დარიცხული 150 ქულაა.

პროგრამის ბენეფიციარებს დარიცხული აგროქულების განაღდება 2021 წლის 20 მაისამდე შეეძლებათ.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ სახელმწიფო პროგრამით 200 000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონ ლარს შეადგენს.

დატოვე კომენტარი